(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

ბალნეოკურორტი

                                                                  კურორტი

       წყალტუბო მისი გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის, მინერალური წყლების ბუნების, მკურნალობის მეთოდიკისა და  ეფექტიანობის გამო ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დასვენება და სამკურნალო- გამაჯანაღებელი პროცედურების ჩატარება.

  წყალტუბოს ძირითადი მინერალური რესურსია ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით უნიკალურია. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიაქტივობა. წყალი შეიცავს კეთილშობილ აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს, რის გამოც მას აიროვან აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ.

წყალტუბოს მინერალური წყლის მაღალხარისხოვნების მაჩვენებელია ბუნებრივი ოპტიმალური ტემპერატურის  35 გრადუსის მუდმივობა, რაც ხელს უწყობს აბაზანების ადვილად ამტანიანობას. წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან მიდის გათბობისა და გაციების გარეშე. მისი ბუნებრივი ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტია. ბუნებრივად მაღალი ტემპერატურის, რადიუმის-ემანაციის და აზოტის აირების არსებობის გამო, წყალტუბოს სამკურნალო წყალი თერმულ აიროვან რადიოაქტიურ წყლებს მიეკუთვნება. იგი მეტად რთულ და იშვიათ მოვლენას წარმოადგენს და ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. 

         ყველა წყაროს ქიმიური შემადგენლობა ერთი და იგივეა, ის არ იცვლება წლის სხვადასხვა დროს და არ არის დამოკიდებული ატმოსფერულ ნალექებზე. ამავე დროს წყლის ტემპერატურა უახლოვდება  სხეულის ტემპერატურას. აბაზანის მიღებისას პაციენტისათვის პირველი შეგრძნება სასიამოვნო სითბოს შეგრძნებაა, ეს სითბო დამოკიდებულია ფიზიკურ-ქიმიური მომენტების თანხვედრილობაზე, რის გამოც წყალტუბოს წყალი არ საჭიროებს დამატებით გაცხელებას ან გაცივებას.პაციენტის ორგანიზმი განიცდის  500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას, რაც რადონის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.

          წყალტუბოს მინერალური წყლების შემადგენელი ნაწილების სასურველი პროპორცია საუკეთესო  სამკურნალო ეფექტს იძლევა. სასიამოვნო ტემპერატურა, აზოტის, რადონის, რადიუმის, სხვა კეთილშობილი გაზების არსებობა, რასაც ემატება ანთების საწინააღმდეგო აქტიური იონები და მძიმე წყლები ქმნის სამკურნალო აბაზანის თავისებურ კომფორტს, რითაც კურორტი ყოველთვის იზიდავდა დამსვენებლებს.

წყალტუბოს მინერალური  წყალი  კურნავს სამოცამდე დაავადებას, როგორიცაა: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიურ და სხვა სნეულებებს. წყალტუბოს წყლებით მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ბევრ შემთხვევაში ყავარჯნებით ჩამოსული ავადმყოფი უყავარჯნოდ წასულა, მრავალ უშვილო ქალს ახდენია დედობის ოცნება.

წყალტუბოში ეფექტურად მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და ცერემბრალური დამბლით დასნეულებულ ბავშვებს.  მკურნალობის ვადა 20-24 დღეა. ყოველდღიური ოცწუთიანი თერმული აბაზანის გარდა ავადმყოფებს, საჭიროების მიხედვით, ენიშნებათ წყლის ვარჯიშები, წყალქვეშა მასაჟი, გაჭიმვა, ცირკულარული და აღმავალი შხაპი “შარკო“, გინეკოლოგიური ირიგაციები, ელექტრო-თერაპია და სხვა პროცედურები.

მართალია წყალტუბოს წყალი უნიკალურია, მაგრამ მისი საკურორტო პოტენციალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სამოცდაათიან წლებში წყალტუბოში აღმოაჩინეს  კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი წარმატებით გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, ასთმატური ბრონქიტის,  ჰიპერტონიისა, ნევროზებისა    და პნევმონიის სამკურნალოდ.               

      წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  ტურიზმის განვითარებას მეტად საპატიო მისია აქვს, ის რეგიონის  ეკონომიკური განვითარების გარანტად უნდა იქცეს. ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ბალნეოთავისებურებებთან ერთად მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ტურისტული თვალსაზრისით კეთილმოწყობილი მღვიმეები და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.  არსებული  ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით აქ სამკურნალო და რეკრეაციული ფუნქციის განხორციელება,  ფიტო, სპელეო და პალეონტოლოგიური ტურების მოწყობაა შესაძლებელი.