იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის

იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სამტრედიაში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა. იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის:  სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს მერებმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ერთობლივი ტენდერების გამოცხადებას გულისხმობს.

ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერები ლადო ჯურხაძე, ვალერიანე ფოცხვერია და გრიგოლ იოსელიანი ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ „ელექტრონული ტენდერების ჩატარების წესის”  მიხედვით ერთობლივი ელექტრონული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს სამივე მუნიციპალიტეტში 2019 წელს ჩასატარებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა.

„ეს შეთანხმება სამ მუნიციპალიტეტს გაუმარტივებს მუშაობას, რადგან საპროექტო დოკუმენტაციის  ხარისხიანი მომზადება ეს ნახევრად შესრულებული საქმეა,“ - განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ.

ერთობლივი ელექტრონული ტენდერის ჩატარების უზრუნველყოფა სამტრედიის მუნიციპალიტეტს დაევალა,  „შეთანხმების“  მიხედვით  ხონის სამტრედიის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ერთობლივი სატენდერო კომისია შედგება, რომლის მუშაობას ერთობლივი სატენდერო აპარატი განსაზღვრავს. აპარატის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტების მერიის ინფრასტრუქტურისა და შესყიდვების სამსახურების წარმომადგენლები შევლენ.

სამტრედიის მერმა უკვე გამოსცა ბრძანება სატენდერო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. კომისიის მუშაობას მერები გააკონტროლებენ.