(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

წყალტუბო კურორტოლოგიის ფედერაციაში გაწევრიანდება

2/11/2018

მსოფლიო კურორტოლოგიის და კლიმაქტოლოგიის ფედერაცის 22 ქვეყნის 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა კურორტ წყალტუბოს ბალნეოლოგიური ზონა დაათვალიერა. სტუმრებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი შეხვდნენ
როგორც „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითრების ცენტრის“ დირექტორმა სალომე ქუთათელაძემ აღნიშნა, საქართველო ამ ფედერაციის წევრი გასულ წელს გახდა და წელს კონფერენციის ჩატარება ჩვენ ქვეყანაში (ბათუმში) დაიგეგმა.
კონფერენციაზე წყალტუბოს როგორც ბალნელოგიური კურორტის და სამკურნალო წყლის უნიკალურობის შესახებ პრეზენტაციები N2 ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრმა „Tskaltubo-Behealthy“, ,,ბალნეოკურორტმა წყალტუბომ წარმოადგინეს.
წელსვე გადაწყდა რომ ამ ფედერაციის შემადგენლობაში წყალტუბო, როგორც საქართველოს ბალნეოკურორტი შევიდეს. სტუმრებმა ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი „Tskaltubo-Behealthy“ და ,,ბალნეოკურორტი წყალტუბო’’ დაათვალიერეს. ასევე ნახეს პრომეთეს მღვიმე.
„ კლიმაქტოლოგიის და კურორტოლოგიის ფედერაციის კონფერენციის თემა ახალი სამკურნალო რესურსების გამოვლინება და ძველი საშუალებების რაციონალურად გამოყენებაა. პირადად მე წყალტუბოს არა მხოლოდ როგორც ამ დარგის სპეციალისტი, არამედ როგორც პაციენტი ისე ვიცნობ. გარდაუვალია ის, რომ ეს კურორტი ამ ფედერაციის წევრი გახდება. ახლა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება გვჭირდება“ -აღნიშნა კონფერენციის მონაწილემ, პროფესორმა რამაზ სურმანიძემ.
ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი „Tskaltubo-Behealthy“ -ის დამფუძნებელი, ექიმი ნატალია კაკაბაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ სტრატეგიული დაგეგმარების დონეზე მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ფედერაციის პრეზიდენტმა პროფესორმა უმბერტო სოლიმენემ წყალტუბოში ხელმისაწვდომი სერვისების და მომსახურების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება.
„ წყალტუბოში მეორედ ვარ. ქალაქი განახლებული, გალამაზებული დამხვდა. სერვისები უფრო მრავალფეროვანია. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის კონფერენციებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს,“ - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა. 
მსოფლიო კურორტოლოგიის და კლიმაქტოლოგიის ფედერაციის წევრები საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან.