გეგუთში ახალი სკოლა აშენდება

გეგუთში ახალი სკოლა აშენდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში 2019 წელს ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ პირადად განუცხადა ადგილობრივებს. 
გეგუთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგიური კოლექტივი მინისტრის მოადგილესთან ერთად, სამინიტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმღვნელმა ზვიად როსტომაშვილმა, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, პარლამენტარებმა - გენადი მარგველაშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა მოინახულეს.
➡️ მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს დაჰპირდა რომ 2019 წელს დაიწყება თანამედროვე სტანდარტების, 400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა. 
როგორც წყალტუბოს საგანმათლებლო რესურცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი განმარტავს, გეგმის მიხედვით მშენებლობის დასრულებაც იმავე წელს მოხდება. 
ამჟამად გეგუთის საჯარო სკოლა ფუნქციონირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში და იჯარით აღებულ კერძო სახლში განაგრძობს. 
„განათლება ჩვენი პრიორიტეტია, სამინისტროები და პარლამენტარები დაგვიდგნენ გვერდით რომ ამ სკოლის მშენებლობა მალევე დაწყებულიყო. გეგუთი ერთ-ერთი უდიდესი სოფელია ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რაოდენობით, ამიტომ ძველი სკოლის ადგილზე ახალის აშენება აუცილებელი იყო. უდავოა, რომ ახალგაზრდებმა სრულყოფილ გარემოში უნდა მიიღონ განათლება,“ - აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.