(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

დისკუსია თემაზე „გენდერული თანასწორობა'

5/12/2018

25 ნოემბრიდან-10 დეკემბრამდე, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მიმდინარეობს. კამპანიას ძალადობის წინააღმდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართლობა სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა. დღეს მერიის და საკრებულოს ერთობლივი გენდერული საბჭოს ორგანიზებით დისკუსია გაიმართა თემაზე, „გენდერული თანასწორობა - ქალი და მამაკაცი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლება-მოვალეობებით“. 
დისკუსიაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტიში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, პედაგოგები, პრობაციის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მზია კიკალიშვილმა მოზარდებს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კანონმდებლობის ახალი რეგულაციები გააცნო. რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა დახვეწა წესები და შესაბამისი რეგულაციები ბრძანების სახით გამოსცა, რომელიც უბნის ინსპექტორებისთვის შემაკავებელი ორდერების გამოცემის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. ამასთავავე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტიც მოამზადა, რომელიც ოჯახში ძალადობის დანაშაულის შესახებ სასჯელის სახით თავისუფლების აღვეთის შემოღებას ითვალისწინებს. 
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, ძალადობის აღმოფხვრის პრევენციასა და მეთოდებზე. აუდიტორიას გააცნეს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა და ჩვენს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დანაშაულების სტატისტიკა. 
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.