წყალტუბო საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დაასახელეს

წყალტუბო საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დაასახელეს

19 დეკემბერს, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“, საქართველოში პირველად, ევროკავშირის პროექტის - N4ED ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო მისიების,
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები დაესწრნენ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა; საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ; ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა - ვინსენტ რეიმ; ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - კრისტიან ურსემ; ათეას (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა;
კონკურსი მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების
გამოვლენას, წახალისებას და კარგი გამოცდილების შემდგომ პოპულარიზაციას, გაზიარებას ისახავს მიზნად. მის ფარგლებში, 35 პროექტიდან, სპეციალურად შექმნილმა კომპეტენტურმა კომისიამ, 8 საუკეთესო გამოავლინა.
სპეციალური ჯილდო და სიგელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის
თვალსაზრისით გამოვლენილი საუკეთესო პროექტისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტს გადაეცა.
გენდერული თანასწორობის საკითხებში 2017-2018 წლების საუკეთესო პრაქტიკად წყალტუბოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების პროექტები შეფასდა.
სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკა
წყალტუბოს, თეთრიწყაროს, გორის, ოზურგეთის და ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
ამასთან, სოციალური პროგრამების მართვაში მიღწეული წარმატებისთვის - ქუთაისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს სიგელები გადაეცა.
-„დღევანდელი დღე არის ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან საფუძველი ჩაეყარა აქამდე უპრეცენდენტო პლატფორმის შექმნას, რაც სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს, ერთის მხრივ, გამოვავლინოთ წარმატებული პროექტები, ხოლო მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ მათ დანერგვას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“ - აღნიშნა
საკუთარ გამოსვლაში მაია ცქიტიშვილმა.
საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი შეაფასა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა - ვინსენტ რეიმ: - „მოხარულნი ვართ, რომ ვაფინანსებთ ათეა-ს აღნიშნულ პროექტს, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მუნიციპალური მომსახურების დონეს, მის ეფექტიანობას აფასებს; ატარებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს წარმატებული გამოცდილების წარმოჩენისა და გაზიარების მიზნით. ეს არ გახლავთ პირველი და ერთადერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან 
თანამშრომლობით ვახორციელებთ. მიგვაჩნია, რომ ათეა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში“.
პროგრამის მიღწევებზე ისაუბრა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის
ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და პროექტის ავტორმა დავით მელუამ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი N4ED გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს ათეა, კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)- სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით.
მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის
შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.