წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის საახალწლო მიმართვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის საახალწლო მიმართვა

ძვირფასო თანამემამულეებო, თანაქალაქელებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ შობა- ახალი წლის დღესასწაული, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება შემოეტანოს ამ წელიწადს ჩვენს ქვეყანაში, გამთლიანებისა და წინსვლის წელი ყოფილიყოს! ხვავი და ბარაქა დაჰბედებოდეს ყოველ ოჯახს!
შობა-ახალი წელი ისეთი დღესასწაულია, რომლის დასაწყისში ყოველთვის ხდება განვლილი დღეების თვალის გადავლება და შეფასება. ამიტომ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ რთული, მაგრამ იმედიანი წელიწადი გავიარეთ... ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნდობა გამოუცხადა ქვეყნის აღმშენებლობის დღევანდელ კურსს, გააკეთა ღირსეული არჩევანი, რომელიც გვავალებს უფრო მეტად მოვუსმინოთ ერთმანეთს, თქვენთან ერთად განვსაზღვროთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთად დავსახოთ პრიორიტეტები. 
ჩემი როგორც წყალტუბოს მერის და რიგითი წყალტუბოელის, მთავარი მიზანია გახდეს ჩვენი მწვანე ქალაქი თანამედროვე ევროპული კურორტი, რომელიც იქნება საინტერესო და მიმზიდველი დამსვენებლებისთვის, ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის, ყოფითი პირობების გაუმჯობესებითა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გავზარდოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკა. ხელი შევუწყოთ ინვესტიციების ჩადების მიზნით ხელსაყრელი პირობების შექმნას, თქვენთან ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები და პროექტები: ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ 2018 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 10 სოფელსა და ქალაქის 9 უბანში, დასრულდა ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, დაიწყო კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, გაიწმინდა სანიაღვრე, არხები, სასმელი წლის ქსელი მოეწყო- 5 სოფელში, ახალი სკოლა აშენდა სოფელ გუმათში, რეაბილიტირებულია 3 საბავშვო ბაღი, გაზიფიცირდა 6 სოფელი, მოეწყო 3 სპორტული მოედნი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებიდან დახმარება გაეწია 3125 წყალტუბოელს. ასე რომ, ჩვენ თქვენთან ერთად ხელშესახები შედეგებით ვხვდებით ახალ 2019 წელს. 
მჯერა, რომ მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, ნაყოფიერი და დატვირთული. ახალ წელს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, დედებს, რომლებმაც გმირი შვილები აღზარდეს, პედაგოგებს, ექიმებს, პოლიციელებს, მეხანძრეებს, ყველა იმ უწყებისა და ორგანიზაციის თანამშრომელს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ ქვეყნის დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეზე. ვულოცავ უფროს თაობას, რომელმაც მთელი თავისი უნარი, შრომა და გამოცდილება ქვეყნის სამსახურს შეალია. ჩვენს ახალგაზრდებს, რომელთა წარმატებები ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია!