(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

პრეზიდენტის ვიზიტი წყალტუბოში

9/02/2019

          საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში ვიზიტი ქალაქის ცენტრალური ნაწილის დათვალიერებითა და ტურისტული პოტენციალის გაცნობით დაიწყო. პრეზიდენტს დასმულ კითხვებზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე პასუხობდნენ.
პრეზიდენტმა თანმხლებ პირებთან ერთად მწვანე ხეივანი, გუდიაშვილის პანო, სანატორიუმები ,,მეშახტე’’, ,,მედია’’, სტალინის აგარაკი, ,,ცივი ტბა'' და ,,საწურბლიას’’ მღვიმე       დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტმა ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა. ცენტრის დირექტორმა ნინო ნემსიწვერიძემ პრეზიდენტს ერთ-ერთი ბენეფიციარის ნახატი უსახსოვრა, რომელიც მალე პრეზიდენტის რეზიდენციაში საპატიო ადგილს დაიკავებს.  „როგორც მე ვხედავ აქაურობა არის სიყვარულის კერა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში სტუმრობისას.  პრეზიდენტმა დაათვალიერა ბრენდირებული და არაგენმოდიფიცირებული მწვანილის კომპანია შპს - „ჰერბიას“ ბოსტნეულის სათბურები და გადამამუშავებელი ქარხანა. კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოში მწვანილისა და ბოსტნეულის ექსპორტსა და იმპორტზე, ასევე ინოვაციურ პროექტზე- „ჰერბიაში“ სოუსების წარმოებაზე.
 საქართველოს პრეზიდენტი „ოტიას ეზოში“ მიბრძანდა და უმცროსი ოტიას სოფლის მეურნეობას გაეცნო. პრეზიდენტმა „ოტიას მარნიდან“ დაწურული ღვინო და სულ ახალი პროდუქტი - ოჯახური ლუდიც დააგემოვნა.        საქართველოს პრეზიდენტის წყალტუბოში ვიზიტი საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებლისა და წყალტუბოს თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილებდნენ. პრეზიდენტმა სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა მოახსენა და წარმატებული შემსრულებლები პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიწვია.
  -,,მოხარული ვარ რომ ეს კონცერტი ჩატარდა წყალტუბოში, რომელიც არის ულამაზესი და დიდი ტრადიციების მატარებელი კურორტი, ამ კულტურის გარეშე ჩვენი ქვეყნის სახელის საერთაშორისო სარბიელზე გატანა წარმოუდგენელია’’- განაცხადა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტის განცხადებით, წყალტუბო საქართველოს საგანძურია და მისი სანატორიუმები არქიტექტურით, ადგილმდებარეობითა და პარკებით ევროპის კურორტებსაც ვერ შეედრება. წყალტუბო ქუთაისის გარეშე ვერ იარსებებს. “  არ მომეწონა, რომ წყალტუბოში მოხდა სანატორიუმების პრივატიზაცია, მაგრამ საინვესტიციო პირობები არ არის შესრულებული,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

-,,ძალიან სასიხარულია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება იმერეთის რეგიონში. ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდებთ პრეზიდენტს ინფორმაციებს ბალნეოლოგიური კურორტებისა და ზოგადად იმერეთის ტურისტული პოტენციალის, ასევე არსებული პრობლემების შესახებ. ქალბატონი სალომე აქტიურად არის დაინტერესებული იმერეთის რეგიონით, დღეს წყალტუბოში რამდენიმე სანატორიუმი ვნახეთ, რომელიც საჭიროებს განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ვფიქრობ, პრეზიდენტის მხარდაჭერით გაიზრდება წყალტუბოში ინვესტიციების მოზიდვის ტემპი და მომზადდება მისი განვითარების გეგმა. - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ.
,, მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონი სალომე უშუალოდ არის დაიტერესებული იყოს მაქსიმალურად ჩართული ჩვენი ქალაქის ბალნეოპოტენციალის რეალიზებასა და კურორტის განვითარებაში. იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები წყალტუბოს ცნობადობის ამაღლებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ ერთობლივი მუშაობა გამოიღებს რეალურ შედეგს, ვფიქრობ აუცილებელია საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება და ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, რაც მოგვიტანს კონკრეტულ ინვესტივციებს და ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის, ასევე ბალნეოლოგიური ცენტრების განვითარებას''. - აღნიშნა ბატონმა ცოტნე ზურაბიანმა

,,წყალტუბო არის უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე სამკურნალო კურორტი, რომელსაც განახლება და ახალი სიცოცხლე სჭირდება, რათა იქცეს თანამედროვე ევროპული დონის კურორტად, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოვლენ დამსვენებლები და ტურისტები. ვფიქრობ პრეზინდეტის დღევანდელი ვიზიტი, მისი ღია მხარდაჭერა დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე, სამკურნალო ტურიზმის აღორძინების მიმართულებით უნდა გადაიდგეს ეფექტური და რეალურ შედეგებზე გათვლილი ნაბიჯები’’- ასე შეაფასა პრეზიდენტის ვიზიტი  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.