წყალტუბოში ახალი სამკითხველო დარბაზი ,,ცოდნარიუმი' გაიხსნა

წყალტუბოში ახალი სამკითხველო დარბაზი ,,ცოდნარიუმი' გაიხსნა

 55686753_1259624560861340_4329001505911734272_n ახალი სამკითხველო დარბაზი ,,ცოდნარიუმი'' დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მე-4 საჯარო სკოლაში გაიხსნა. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ეს მნიშვნელოვანი დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბადრი პაპავამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა მიულოცეს და წიგნის დანიშნულებისა და განათლების მიღების აუცილებლობის შესახებ წარმოდგენილ თემატურ ღონისძიებას დაესწრნენ.
- ,, განათლება და მეცნიერება ქვეყნის განვითარებისთვის გამორჩეულად პრიორიტეტული, გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სფეროებია. ხელისუფლების მიერ განხორციელებული განათლების რეფორმა არის უპრეცედენტო, ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად პროცენტულად გაიზრდება ამ სფეროს დაფინანსება, მოხდება პედაგოგების ხელფასების 1000-1500 ლარამდე მატება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა სწორედ წიგნიერი მომავალი თაობის აღზრდაზე აისახება დადებითად, ჩვენ პრიორიტეტად ავირჩიეთ განათლება, ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯება ამ მიმართულებით, რადგან არ არსებობს უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ცოდნა, ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია ჩვენი ნიჭიერებით, ცოდნით მოვიპოვოთ წარმატებები და აღიარება’’ - განაცხადა პარლამენტარმა ცოტნე ზურაბიანმა.
მოსწავლეებს ახალი სამკითხველო დარბაზის ,, ცოდნარიუმის’’ გახსნა მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა - ,, მე-4 საჯარო სკოლას აქვს დიდი ტრადიციები, მიხარია, რომ ამ საგანმანათლებლო სივრცეში დღეს კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა და ჩვენს პატარებს აქვთ შესაძლებლობა შეიყვარონ წიგნი, გამოიმუშავონ წიგნთან მუშაობის უნარ-ჩვევები, მინდა გაცნობით, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაიწყება ორი საჯარო სკოლის მშენებლობა (სოფელ გეგუთისა და წყალტუბოში), ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის 20 სკოლაში ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება. განათლების სფეროში განხორციელებული ინვესტიცია არის ყველაზე ღირებული ინვესტიცია’’ - აღნიშნა ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა.
ახალი სამკითხველო დარბაზის გახსნა დადებითად შეაფასა, განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმებისა და წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა. 
მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის მაია ნუცუბიძის თქმით, სკოლას აქვს მდიდარი, განახლებული ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზში კი მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ და დაამუშაონ ინფორმაციები მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებზე.
მოსწავლეებმა პარლამენტართან და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად სიმბოლურად საქართველოს რუკა ააწყვეს .