«წყალტუბოში ფორუმი გაიმართა».

«წყალტუბოში ფორუმი გაიმართა».

61195515_1298857373604725_8175661932326420480_nწყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში" გაიმართა. 
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში ფორუმის მონაწილეები: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირები, მერიების და საკრებულოების წარმომადგენლები დეცენტრალიზაციის რეგორმის მიმდინარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობების გაზრდის საკითხებზე მოხსენებს გაეცნენ და დისკუსიები გამართეს.
„ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი არის პლატფორმა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტები აწარმოებენ დიალოგს ჩვენი ქვეყნის რეგიონების განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ამ მიზნით, შესაბამისი პოლიტიკის ფორმირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მეოთხე ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიმართავენ. აქვე აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან ანუ დიალოგი გაიმართება სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის რეგიონების ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების საკითხებზე“, - განაცხადა ფორუმის გამართვის ინიციატორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.
„საქართველოს რეგიონებში დევს ჩვენი მომავალი, რეგიონებში დევს ასევე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი მშვიდობიანი გზა გადის სწორედ რეგიონების განვითარებაზე. სწორედ ეს არის ასეთი ფორმატის კონფერენციების მიზანი, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ ის პოლიტიკა, რომელიც საშუალო და გრძელ ვადაზე მიგვიყვანს რეგიონების სრულ განვითარებამდე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფორუმის გახსნისას.
მისივე განცხადებით, რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ემიგრაციის საკითხებთან, რადგან რეგიონების დონეზე სამუშაო ადგილების არქონა ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრებისკენ უბიძგებს.
პრეზიდენტის მოსაზრებით, რეგიონების ეკონომიკური კეთილდღეობა ხელს შეუწყობს მათი ტურისტული პოტენციალის გაზრდას და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტას.
„ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს - ეს არის ის პრინციპი, რომლითაც ყოველთვის ვხელმძღვანელობ. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ შევძლებთ იმ გამოწვევების დამარცხებას, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ თვითმმართველობების გაძლიერება, ძლიერი რეგიონები, ინკლუზიური ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს, რომ ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ, რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხებზე დისკუსია გაიმართა. პარლამენტის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად შალამბერიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ყვარელის, მარტვილის და ამბროლაურის მერებმა მოსაზრებები წარმოადგინეს და აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს.
პანელი „რეგიონებში ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები“ გახსნა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც ბიზნესისთვის პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა და დელეგატებს მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რითიც საჭიროების შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს თანამშრომლობაში დაეხმარება. 
ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა- ნინო ჩიქოვანმა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელმა -შალვა ალავერდაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ანალიტიკოსმა - ნიკოლოზ ნანუაშვილმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა - მაიკლ ქოგელმა და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტმა - გიორგი გვეტაძემ. 
საინტერესოდ წარიმართა დისკუსია თემაზე: ,,შესაძლებლობები და ინიციატივები მუნიციპალიტეტებში ბიზნესის სტიმულირებისთვის" ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე პრეზენტაცია წარმოადგინა სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა, ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალი შეაფასა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ, წყალტუბოს სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა „თს ჰოლდინგის“ ვიცე-პრეზიდენტმა - გიორგი ზვიადაძემ. წყალტუბოში ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ. 
ფორუმი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) მხარდაჭერით ტარდება.