გმირების საფლავებს პატივი მიაგეს.

გმირების საფლავებს პატივი მიაგეს.

 დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპული წყალტუბოელი გმირების საფლავებს პატივი მიაგეს. 
11 წლის წინ აგვისტოს ომში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან წასული ბიჭებიდან, მამუკა სამაკაშვილი, ფილიპე მგალობლიშვილი, რომან უგრეხელიძე და მამია ფანცულაია უკან ვეღარ დაბრუნდნენ, ისინი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ.
მამუკა სამაკაშვილი სულ 22 წლის იყო, სამხედრო სავალდებულო ჯარის მოვლას რამდენიმე თვე აკლდა, როცა აგვისტოს ომი დაიწყო. გაგრიდან დევნილები სანატორიუმ „საქართველოში“ ცხოვრობდნენ. მამუკა მეორე საჯარო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დასრულებისას ბოლო ზარზე სურვილების ხე დაუხატავთ კლასელებს, მამუკას სურვილისთვის ხეზე ადგილი აღარ დარჩენილა, მხოლოდ მზეს დაუტოვა ერთადერთი სურვილი: „მინდა გამთლიანებული საქართველო ვიხილო“. 
„წინასწარ გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას, სულ მეუბნებოდა აბა მაჩვენე როგორ დამიტირებო, მე მაშინაც გული მისკდებოდა, საშინელი მოლოდინი მქონდა, თითქოს ვგრძნობდი ამ უბედურებას. მანქანის ყიდვა უნდოდა და ბოლო SMS რაც გამომიგზავნა ეს იყო „მალე მინდა ვიყიდო მანქანა, ისედაც სიცოცხლის მოკლე დრო დამრჩა” - იხსენებს მამუკას დედა მზია სამაკაშვილი. წყალტუბოში ქალაქის მე-2 საჯარო სკოლა მამუკა სამაკაშვილის სახელს ატარებს. სანატორუმ "საქართველოსთან" მიმავალი ქუჩაც მამუკა სამაკაშვილის ქუჩაა. 
აგვისტოს ომის გმირის, მამია ფანცულიას შვილი - ანა, ზუსტად იმ დღეს გაჩნდა როცა მისი მამა ოკუპანტის ტყვიამ იმსხვერპლა. დღეს ანაც 11 წლის გახდა. 
„მინდა აღვნიშნო რომ, სულ ორიოდე დღის წინ, მამია ფანცულაიას ქვრივის მოთხოვნით, სოფელ ფარცხაყანაყანევის მე-2 საჯარო სკოლა, საქართველოს გმირის - მამია ფანცულიას სახელობის გახდა. ჩვენ ეს საკითხი გავიტანეთ საკრებულოზე და ერთხმად გადაწყდა რომ ამ სოფლის სკოლა გმირის სახელს უნდა ატარებდეს,“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა. 
ფარცხანაყანევის (კოპიტნაირის დასახლების) სასაფლაოზე, მამია ფანცულაიას საფლავიდან რამდენიმე ნაბიჯში საქართველოს გმირი, - რომა უგრეხელიძეა დაკრძალული. ტანკისტი იყო, მტრისგან ნასროლი ნაღმი შიგ ტანკის ლულაში მოხვდა, ტანკი აფეთქდა და რომა ადგილზევე დაიღუპა... 
გმირების საფლავებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადმგენლების გარდა, მათმა მეგობრებმა, ახლობლებმა და აგვისტოს ომის მონაწილე თანამებრძოლებმა მიაგეს პატივი. კიდევ ერთი წყალტუბოელი გმირი ფილიპე(ლერი) მგალობლიშვილი გურიაშია დაკრძალული. 
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1500 -1500 ლარი გადაეცათ.