სკოპინგის ანგარიშის განხილვა

სკოპინგის ანგარიშის განხილვა

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფელ მაღლაკში,  მდინარე გუბისწყლზე  ახალი ხიდის მშენებლობა იწყება. მაღლაკის კულტურის სახლში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. 
  განხილვას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მერის წარმომადგენელი მაღლაკის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ჭოლაძე, საკრებულოს წევრი მაღლაკის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ნიჟარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.
   გუბისწყლის ხიდის სკოპინგის ანგარიში ნიკო ყარსიმაშვილთან ერთად გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ოზბეთელაშვილმა წარადგინა. როგორც გაირკვა, მაღლაკი-გუბისწყლის დამაკავშირებელი ახალი ხიდი 65 მეტრი სიგრძის იქნება.  
   განხილვაზე გამოიკვეთა მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ხიდის სიგანე 6,5 მეტრიდან გაიზარდოს 7 მეტრამდე, რათა უფრო უსაფრთხო იყოს მძიმე ტრანსპორტის გადაადგილება.    გუბისწყლის  ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ სამ თვეში დაიწყება.