წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის საახალწლო მილოცვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის საახალწლო მილოცვა

ძვირფასო თანამემამულეებო, თანაქალაქელებო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებო!
გილოცავთ შობა-ახალ წელს, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება შემოეტანოს ამ წელიწადს ჩვენს ქვეყანაში, გამთლიანებისა და წინსვლის წელი ყოფილიყოს! ხვავი და ბარაქა დაბედებოდეს ყოველ ოჯახს! სიმხნევეს, სიუხვეს, სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ. ახალი წლის შემობრძანებას ყოველთვის თან ახლავს ახალი იმედები, სურვილები და წინა წლის შეფასებები.
ჩვენ კიდევ ერთი რთული, მაგრამ იმედიანი წელი გავიარეთ. 2019 წელი ქვეყნის ისტორიაში შევიდა როგორც წყალტუბოს კომპლექსული განვითარებისა და სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის დაწყების წელი. ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო საქველმოქმედო ინიციატივა, წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების, მისი მსოფლიოში აღიარებულ კურორტად გადაქცევის რეალური შანსია, რომელსაც აუცილებლად მოყვება შენება, არსებული სანატორიუმებისა და აბაზანების რეაბილიტაცია, ტურისტების სიმრავლე და ადგილობრივების დასაქმება. ეს არის გარანტირებული ინვესტიციის პირობები, ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად განვითარება, ბევრი განხორციელებული პროექტი, გაკეთებული საქმე და მიღწეული შედეგი, თითოეული წყალტუბოელის დიდი ხნის ოცნება, ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი სურვილი და მიზანი. მჯერა, რომ წყალტუბო გახდება ჯანმრთელობისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრი არამარტო ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში და ერთად ვიზეიმებთ ამ უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენას.
2019 წელს წყალტუბოში 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ცენტრალურ პარკში აღდგენილ იქნა ფერადი შადრევნები, დაიგო გზები, რეაბილიტაციის სამუშაოები ჩაუტარდა 15 საჯარო სკოლას, 3 საბავშვო ბაღს, 6 სოფლის ამბულატორიას, გაზიფიცირდა 4 სოფელი, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 19 მისამართზე მოეწყო დასასვენებელი სკვერები და საბავშვო ატრაქციონები, ქალაქ წყალტუბოში აშენდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების საკოორდინაციო ცენტრი, 2019 წელს ჯამში რეაბილიტირებულია 37 კილომეტრი გზა, მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებლი კორპუსების მშენებლობა თამარ მეფის ქუჩაზე და 2 ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ წყალტუბოსა და სოფელ გეგუთში.
2019 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები იყო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და სოციალური პროგრამები ამ მიმართულებით. განხორციელებული პროექტების სოციალურ პროგრამებში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა მოიმატებს ახალი 2020 წლის განმავლობაშიც, ამის თქმის საფუძველს წინა წელთან შედარებით 3,5 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა, ადამიანების საჭიროებებზე გათვლილი პროექტები და პროგრამები იძლევა.
ვიმედოვნებ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება ჩვენთვის, სიცოცხლისა და სიყვარულის ქალაქი წყალტუბო ძველ სტატუსს აღიდგენს, საერთაშორისო კურორტად აღიარების გზაზე პირველ ნაბიჯებს გადადგამს და მოიზიდავს ბევრ უცხოელ ვიზიტორსა და ტურისტს, რომელთა სიმრავლე, თავისთავად ჩვენს ბევრ პრობლემას მოაგვარებს. იმედი მაქვს, რომ წყალტუბოს სრული რეაბილიტაციის უპრეცენდენტო პროექტის დაწყება იქნება ყველაზე მყარი და საჭირო ნაბიჯი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისათვის!
მინდა ახალ წელი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, საგანგებო სიტუაციათა სამსახურების თანამშრომლებს, სამართალდამცავებს, მედიკოსებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში და სადღესასწაულო დღეებში დგანან ჩვენი სამშობლოს დაცვის, მისი მოქალაქეების სიცოცხლის სადარაჯოზე, ვულოცავ უფროსი თაობის ყველა წარმომადგენელს, ადამიანებს, რომლებმაც ღირსეულად იცხოვრეს, იშრომეს, ქვეყნის მშენებლობაში თავიანთი წვლილი შეიტანეს და ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას, დაფასებასა და სიყვარულს, დევნილ მოსახლობას, რომელთა დიდი ნაწილი წყალტუბომ შეიფარა და მიიღო, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაბრუნდენ და დასაქმდნენ საკუთარ ქვეყანაში. ახალგაზრდებს, რომელთა განათლებაზე, კარგ მამულიშვილობასა და ქართველობაზე რწმენის სიმტკიცეზე და სამშობლოს სიყვარულზე დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი, ჩვენს პატარებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ახარებთ ახალი წლის შემობრძანება.

ყველას გილოცავთ იმ იმედით, რომ ურთიერთგაგებითა და ერთმანეთზე ზრუნვით ჩვენი ქვეყანა გახდება ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, სადაც ერთად შევძლებთ საკუთარი თავისა და ჯანსაღი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის კეთილსინდისიერ შრომაზე, პატიოსნებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე.

გისურვებთ ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს, ახალ გამარჯვებებს და წინსვლას თქვენს საქმიანობაში. გავცეთ მეტი სიყვარული, სითბო, ვიყოთ უფრო სამართლიანები, გულისხმიერები. უფლის მადლით მოხდეს ჩვენი ახალი იმედებით აღვსება, რწმენაში გაძლიერება და ყველა განსაცდელის ადვილად დაძლევა.