ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

გრიგოლ იოსელიანი: “9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღედ იქცა”

      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ, მერის მოადგილეებმა: ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 32 წლის წინ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
    ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად ეროვნული გმირების სულების მოსახსენებელ პანაშვიდს საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და რიგითი წყალტუბოელები ესწრებოდნენ.
   ,,9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. დღე, რომელმაც გააერთიანა ქართველი ხალხი, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ქედს ვიხრი ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, სწორედ მათი დამსახურებაა ეროვნული ერთიანობის მიღწევა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მადლობა ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიტანა დღემდე თავისუფლება’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა
    1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
   დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
    1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.