ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბო საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად მესამედ დასახელდა

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.

 

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2020 წლის კონკურსისთვის 13 საკონკურსო თემა შეირჩა. კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 22-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო. BPP-ს კონკურსის მმართველმა კომიტეტმა და შეფასების კომისიამ სულ 9 გამარჯვებული მუნიციპალიტეტი გამოავლინა.

 

BPP-ს მმართველმა კომიტეტმა 2020 წლის კარგ პრაქტიკად აღიარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ შექმნა და ფინანსური მხარდაჭერა. თემატიკა გენდერული თანასწორობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისის განვითარება იყო.

პროექტის ავტორი იყო  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი ირმა ხელაძე.

„ ძალიან მიხარია რომ წყალტუბოსთვის ეს უკვე მესამე პრიზია საუკეთესო პრაქტიკის აღიარების კუთხით (ორი პრიზი ავიღეთ 2018 წელს),
მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს და ყველა იმ ადამიანს ვინც წყალტუბოში ინკლუზიური ცენტრის დაარსებაში და შემოდგომ  ფუნქციონირებაში მიიღო მონაწილეობა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს“ –  გაანცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 

სპეციალური პრიზები და სიგელები წყალტუბოს გარდა  ბოლნისის, სენაკის, რუსთავის,  ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, მარნეულისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

დაჯილდოვების ცერემონიალს  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ.

 

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციას, ზუმ-პლატფორმის საშუალებით შეუერთდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კატალინ ჰერმანი,

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – ლუიზა ვინტონი და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი – დანიელ მევლი.