ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

  წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა
  პრეზენტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
   საკონკურსო კონცეფციები საზოგადოებას წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა გააცნეს.
  პრეზენტაციაზე კურორტის განვითარების ძირითადი მიმართულებები განიხილეს და საპროექტო ჯგუფების კვალიფიკაციაზე ისაუბრეს.
-,,წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი აუცილებლად ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის სწრაფ განვითარებას, ბევრი რამ არის გაკეთებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, მაგრამ წყალტუბოს განვითარება შეუძლებელია აქ არსებული ძველი ობიექტების აღდგენის გარეშე. სწორედ ამას ემსახურება წყალტუბოს განვითარების გენგეგმის შექმნა, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს წყალტუბოს ეკონომიკურ განვითარებაზე, აღსანიშნავია, რომ თითოეული საპრივატიზაციო ობიექტი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აქედან გამომდინარე აუცილებელია მათი ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის სწორი შეფასება, გენგეგმის საფუძველზე განხორციელდება ინვესტიციები, გაჩნდება დაახლობით 20 000 სამუშაო ადგილი როგორც მშენებლობის, ასევე მომსახურების სფეროებში, რასაც მოყვება წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის რეალიზება როგორც ბალნეოლოგიური, ასევე ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებით” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
   ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ კონკურსში წინადადებები სამმა კომპანიამ – შპს „ბაუ დიზაინმა“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკმა“ და შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ წარადგინა.
   წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეიმუშავებს.
   წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.