- 2023-11-10
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ კახაბერ ჩაკვეტაძესთან შეხვედრა გაიმართა.
წლის საუკეთესო პედაგოგთან შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით მოეწყო და ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის წარმატებული ისტორიის გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
შეხვედრაზე წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის ინიციატივით 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზები 11 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა, რომელთა შორის არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი კახაბერ ჩაკვეტაძე.
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, კახაბერ ჩაკვეტაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რეფორმებზე, სწავლების ხარისხზე, ქვეყნის განვითარებაში განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების როლზე.
კახაბერ ჩაკვეტაძემ ქვიტირის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობა 19 წლის ასაკში დაიწყო. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, არის ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერი, საზოგადოებრივი მეცნიერებების: ისტორია, გეოგრაფია, მოქალაქეობის ექსპერტი, ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის: საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის, 21-ე საუკუნის უნარების აკადემიის, მეგობრობის ფონდის, ინოვაციებისა და კვლევის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში, ატარებს მასტერკლასებს, კონფერენციებს, ვებინარებს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
,, მოსწავლეს უნდა მივცეთ რჩევა, მან უნდა იგრძნოს, რომ პედაგოგი მისი მხარდამჭერია და ეს უნდა მოდიოდეს გულიდან, სიყვარული არის ამოსავალი წერტილი, თუ ბავშვებთან გულწრფელი არ ხარ, შედეგს ვერ მიიღებ. ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო და აღიარება არის მოსწავლეების სიყვარული და დადებითი ემოციები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ჰყავს არა თერთმეტი არამედ, გაცილებით მეტი,ნამდვილი, ღირსეული, პროფესიონალი პედაგოგი’’ – აღნიშნა კახაბერ ჩაკვეტაძემ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო — გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.