მღვიმეები

 სათაფლია

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა სიმრავლეს ბალნეოთავისებურებებთან ერთად, მხარის მიწისქვეშა სილამაზეც განაპირობებს. მისტიკურ სანახაობად ქცეული დარბაზებით მდიდარი მღვიმეები, იშვიათი ნაღვენთი ფორმებით მორთული გვირაბები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას სძენს მნახველს. ტურისტული თვალსაზრისთ კეთილმოწყობილ მღვიმეთა შორის, პრომეთესა და თეთრა მღვიმის გვერდით, ყველაზე დიდ ინტერესს, როგორც ადგილობრივი, ასევე, ჩამოსული ვიზიტორებისათვის, სათაფლიის მღვიმე იწვევს.
უძველესი ადამიანის სადგომის ძებნისას პეტრე ჭაბუკიანის მიერ აღმოჩენილი მღვიმე მრავალმხრივი კვლევის ობიექტად იქცა. არსებული ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით, აქ სამკურნალო და რეკრეაციული ფუნქციის განხორციელება, ფიტო, სპელეო და პალეონტოლოგიური ტურების მოწყობაა შესაძლებელი – კოლხური ტყის ბილიკებით დინოზავრის ნაკვალევს აღმოაჩენთ, და პირველყოფილ სამყაროსთან ასე ახლოს, შეძლებთ, თავი გამოქვაბულს შეაფაროთ.
სათაფლიის მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენს. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათან იკვლევდა გზას და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. მღვიმეში შესულებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ წინ, დეკორაციებად წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ ურთიერთგანსხვავებულ დარბაზებს ქმნიან: „გამჭვირვალე დარბაზი’’, „გუმბათოვანი დარბაზი’’, „გულის დარბაზი’’… მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა 14 გრადუსია.
დაცული ტერიტორიების უპირველესი დანიშნულება ბიომრავალფეროვნების დაცვა- შენარჩუნებაა. სათაფლიის ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი და გადაშენების პირას მისული, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი 9 მერქნიანი მცენარე, სამი კავკასიისა და ერთი საქართველოს ენდემი. აქ ნახავთ კოლხურ ბზას და ურთხმელს. სათაფლიას ტყეში შეიძლება შეხვდეთ ისეთ ცხოველებსაც, როგორიცაა კვერნა, შველი, კურდღელი, ციყვი და სხვა.
ამ არცთუ მაღალ გორაზე, ადრე, ველური ფუტკარი ბინადრობდა. თაფლის უხვი მოსავლიანობის გამო, მთას სათაფლია ეწოდა. ნაკრძალში სეირნობისას ახლაც შეიძლება გაიგონოთ ფუტკრის ბზუილი. კლდის ნაპრალებში დაგროვილ თაფლს, ადრე, ადგილობრივი მოსახლეობაც იყენებდა. ამჟამად, ნაკრძალში მოკლეულვაშიანი ფუტკრების 2 სახეობაა შემორჩენილი.
1935 წელს სათაფლია სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადდა. იგი აერთიანებს კოლხურ ტყეს, კარსტულ გამოქვაბულსა და საქართველოში არსებულ ერთადერთ დინოზავრის ნაკვალევს.
ეკო-საგანმანათლებლო ტურებით ნაკრძალის ტერიტორიაზე შესაძლებელია: დინოზავრის ნაკვალევისა და მღვიმის დათვალიერება, შუშის პანორამულ გადასახედზე გასვლა, კოლხურ ბილიკზე გასეირნება და ღია გაკვეთილის ჩატარება საგანმანათლებლო მოედანზე.
„სათაფლია“ ვიზიტორებს ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს. სტუმრებს დეტალურ ინფორმაციას ნაკრძალის შესასვლელში მდებარე ვიზიტორთა ცენტრში აწვდიან.

თეთრა მღვიმე

მსოფლიო დონის ტურისტული მნიშვნელობის ადგილი „თეთრა მღვიმე“…
მდებარეობს წყალტუბოში, აქ სამყაროს პირველი ადამიანის საცხოვრისია აღმოჩენილი. ამ მღვიმეში პირველყოფილმა ადამიანმა ბინა 30 ათასი წლის წინ დაიდო.
როგორც მეცნიერულად დასტურდება პალეოლითის ხანის ადამიანები არა მხოლოდ მიწისქვეშეთის სილამაზემ და დიდებულებამ, არამედ მღვიმის სამკურნალო თვისებებმა მოხიბლა.
ამჟამად „თეთრა მღვიმე“ პირველი ეკოტურისტული სივრცეა, სადაც დაინერგა მსოფლიოში უნიკალური ინოვაციური სერვისი – ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველება და დაძველებული ღვინის ადგილზე დეგუსტაცია.
თეთრა მღვიმე მე-20 საუკუნეში 1954 წელს აღმოაჩინეს და 1974 წლიდან მის კლიმატზე დაკვირვება მიმდინარეობს.
მიწისქვეშა კირქვული „თეთრი“ სტალაქტიდებით და სტალაგმიტებით მორთული 2000 მ2 სივრცე, რომელიც დერეფნული ტიპის ულამაზესი „დარბაზებისგან“ შედგება ტემპერატურის მუდმივობას დღემდე ინარჩუნებს. აქ სულ +14 გრადუსია. მღვიმეში მაგნიტური ველი უცვლელია. მის კლიმატოთერაპიას იდეალური სიჩუმე, ნისლი, სისუფთავე და ამ ფაქტორთა მუდმივობა განაპირობებს.
აქ სრულად ხდება ნევროზის, ბრონქიალური ქრონიკული დაავადებების, ათეროსკლეროზის, კარდიოსკლეროზის განკურნება და მახსოვრობის აღდგენა.
უძველეს ადამიანს ეს სივრცე საცხოვრისად ორჯერ გამოუყენებია. აღმოჩენილია პალეოლოთის ხანის ადამიანის მიერ დამზადებული იარაღები, საფხეკ-საჭრელი, კაჟის ლამელები, ძვლის იარაღები.
მღვიმური მასალა შეიცავს ნანადირევი ფრინველისა და და ცხოველის ძვლებს, მათგან აღსანიშნავია დათვის თავის ქალა. ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი სპილენძს ისრისპირია, რომელსაც ძეწნის ფორმა აქვს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე V –IV ა.ასწლეულით თარიღდება.
„თეთრა მღვიმე“ როგორც ეკოტურისტული ლოკაცია 2019 წელს გაიხსნა. აქ 900 000 -მდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

პრომეთეს მღვიმე

 

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.

სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში. „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „დაკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები და კალციტის ნაღვენთები მღვიმის დარბაზებში თვალწარმტაც სანახაობას ქმნიან. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ „არგონავტებისა“ და „კოლხეთის“, “, „მედეასა“ და „სიყვარულის“, „პრომეთესა“ და „იბერიის“ დარბაზები. მათი დათვალიერება შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკით, ასევე, სანაოსნო ტურით მდინარის ნაკადზე, შთამბეჭდავი ხელოვნური განათებებისა და ლაზერ-შოუს თანხლებით.
გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლის ასაკი დაახლოებით 60-70 მილიონი წელია. ის სოფ. ყუმისთავის ტერიტორიაზე 1984 წელს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციის წევრებმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა, ამირან ჯამრიშვილმა, ვახტანგ კაპანაძემ და თამაზ ქობულაშვილმა აღმოაჩინეს.
პრომეთეს მღვიმე მსოფლიოში უნიკალურ ძეგლად იქნა აღიარებული, რადგან უდიდესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობითა და პეიზაჟის მრავალფეროვნებით. განუმეორებელია არქიტექტურული დარბაზების მოცულობითაც. სულ წარმოდგენილია 22 დარბაზი.
პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.