წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ოფიციალური ვიზიტით წყალტუბოსთან დამეგობრებულ ქალაქ უნგენში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მერი ქალაქის დაარსებიდან 560 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო, ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში გამართულ ფინალური კონფერენციის მუშაობაში. მერთან ერთად კონფერენციას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: მაია ფანჩულიძე, გოგა ონიანი და ელენე კრავცოვა.
-,,საქართველოს ულამაზესი ქალაქის წყალტუბოს თვითმმართველობისა და მოსახლეობის სახელით გილოცავთ ქალაქ უნგენის დაარსებიდან 560 წლის იუბილეს!
მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა და თქვენი სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა.
საუკუნეების განმავლობაში ორი მეზობელი ქვეყნის: საქართველოსა და მოლდოვას ურთიერთობა დაფუძნებული იყო კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე, თავისუფლების სიყვარულზე, ევროპულ ღირებულებებზე.
სიმბოლურია, რომ ჩვენს ქალაქებს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყნებს, აკავშირებთ კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით.
გისურვებთ მშვიდობას, ნათელ მომავალს, განვითარებას და წარმატებებს’’-განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დასკვნით ღონისძიებაზე.
ქალაქ უნგენის (მოლდოვა) დამოუკიდებლობის დღის მიძღვნილ ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ, უნგენის მერი ალექსადრე ამბროსი, ასევე რუმინეთის, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციების ესწრებოდნენ.