- 2026-04-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც მერმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში დაიწყება ქალაქ წყალტუბოს აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ითვალისწინებს მუზეუმის რეკონსტრუქციას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
მერმა ყურადღება გაამახვილა სასაფლაოებთან მისასვლელი გზების მოწესრიგების საკითხზეც. მისი თქმით, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, სასაფლაოებთან მისასვლელი გზების დაახლოებით 90%-ზე უკვე დაგებულია ასფალტისა და ბეტონის საფარი, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა და მოხრეშვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სააღდგომო ნობათის დარიგების საკითხზე. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 600-მდე ოჯახს ნობათი 7 და 8 აპრილს დაურიგდება.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მოწყობის, ე.წ. „კუჭის წყალთან“ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა მიმდინარე საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები გრიგოლ ყურაშვილი და გია კვასტიანი.