კულტურა

წყალტუბოში 2022 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,   კურორტის პოპულარიზაციის,    კულტურის  განვითარების      მიზნით    80-მდე   კულტურული და  საგანმანათლებლო   ღონისძიება ჩატარდა.

მუზეუმები

წყალტუბოს მუზეუმების  (სამი მუზეუმი)  ფონდებში დაცულია 35 ათასზე მეტი ექსპონატი;
წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება არქეოლოგიის,  ნუმიზმატიკის, ხელოვნების, ხელნაწერთა, ეპიგრაფიკის, ფოტო საარქივო მასალები.
მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩუნეშში წარმოდგენილია მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების   ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.
აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი სოფელ დერჩში _ სადაც ინახება დიდი მეცნიერის პირადი ნივთები.

 

                                                             მუზეუმების ისტორიიდან

 

წყალტუბოს აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1969 წელს.     მუზეუმის მატერიალური და კულტურული ძეგლების შესწავლა- შეგროვებისა და პასპორტიზაციის მიზნით ათეული წლების მანძილზე მიმდინარეობდა საძიებო-შეგროვებითი მუშაობა. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობდა მუზეუმის დაარსების ინიციატორი, პროფესორი ავთანდილ იოსელიანი,  პირველი დირექტორი გახლდათ ციალა ღვინიანიძე.   მუზეუმის სამეციერო საბჭოს წევრები და მეცნიერ მუშაკები რაიონის სოფლებში აწყობდნენ საველე გასვლებს, ექსპედიციებს, მუშაობდნენ საჯარო ბიბლიოთეკებში, რესპუბლიკის არქივებსა და მუზეუმებში.

1974 წელს  რაიონის ტერიტორიაზე მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ამ პერიოდში მოპოვებული მასალები ამჟამად მუზეუმში ინახება.

სხვადასხვა დროს მუზეუმს ფონდების დაკომპლექტებასა და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში დახმარებას უწევდნენ ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწენი და გამოჩენილი მეცნიერები, აკადემიკოსები: გიორგი ახვლედიანი, გიორგი ჩიტაია, ანდრია აფაქიძე, ვახტანგ ბერიძე, პროფესორები: ოთარ ლორთქიფანიძე,  გელა აფაქიძე,  არჩილ ფანცხავა, რამაზ ლაღიძე, ალექსანდრა კალანდაძე.

ამჟამად მუზეუმში 30 ათასამდე სამუზეუმო ექსპონატია დაცული, მათ შორის აღსანიშნავია არქეოლოგიური ძეგლებით მდიდარი ფონდი,  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას და შემთხვევით აღმოჩენილი ძვლის, კაჟის, ბრინჯაოს იარაღების, მინისა და ძვირფასი ქვების სამკაულებს მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან კერამიკას მეცნიერებისათვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს. ბევრი მათგანი უნიკალურია,  მაგალითად:  სპილენძის ისრისპირი, ორნამეტირებული კოლხური საბრძოლო ცულები, ბრინჯაოს ხელშუბი, ანტიკური პერიოდის დიდძალი სამარხეული ინვენტარი, რომელშიაც კოლხურ მასალებთან ერთად გვხვდება უცხოური წარმოშობის ნივთები.

მუზეუმს გააჩნია ნუმიზმატიკის მდიდარი ფონდი, მათ  შორის გამოირჩევა კოლხური დრაჰმები,(დღნორისის განძი ძვ. წ. აღ. VI-III სს) თურქული აღჩების ქართული მიბაძვები, თამარისა და ლაშა- გიორგის დროინდელი მონეტები, დიდი რაოდენობითაა ბერძნული, თურქული, გერმანული, ჩეხური, ამერიკული და   სხვა ქვეყნების ფულადი  ერთეულები.

მუზეუმში დაცულია აგრეთვე ასობით ეთნოგრაფიული ნივთი, რომელთა შორისაა ვერცხლის ჭურჭელი, საბრძოლო იარაღები, ქსოვილები, მუსიკალური ინსტრუმენტები, კლასთა ბრძოლისა და სოციალური ურთიერთობების ამსახველი მასალები (საოჯახო ნივთები, სარწყავი, და საზომი ერთეულები, ღვინის კათხები)

მუზეუმის ხელნაწერთა ფონდს ამშვენებს ათეულობით ისტორიული დოკუმენტი, მიწის ნასყიდობის აქტები,  ფარდის ხელწერილები, ძველი ქართული დამწერლობის ნიმუშები: კონდაკი( მე-18 ს), ტრიოდიონი( ზატიკი 1860 წ),  სახარება- ოთხთავი (1820),   პარაკლიტონი (1822), დავითნი, ტიბიკონი(1910), ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა (თქმული 1860-1870 წწ) , ქართული და რუსული ბიბლიები, აკადემიკოსების გ, ახვლედიანის, თ. იოსელიანის, პროფესორების გ. ბანძელაძის, ა. ფანცხავას, ა. ნუცუბიძის პირადი არქივები.

მუზეუმში დაცულია ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ჭედური ხელოვნების ძეგლები, ასევე აღსანიშნავია ხატები: წმიდა სტეფანეს (ჩუნეშიდან) , მარიამ ღვთისმშობლის (ქვილიშორიდან) მომინანქრებული საწინამძღვრო ჯვრები(ზარათიდან და წყალტუბოდან).

1981 წელს მუზეუმს მიეკუთნა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელი. მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია  სამ დიდი დარბაზში-  780 კვ. მ. ფართზე.

ვესტიბულში ვეცნობით დამხმარე თემატურ რუკებსა და სტენდებს:  „საქართველოს კურორტები“, „საქართველოს არქიტექტურის ძეგლები“, „საქართველოს ექსპორტი“,  „ზონის წიაღისეული სიმდიდრეები“, „მწერალ ოტია იოსელიანი ცხოვრება და შემოქმედება“.

პირველ დარბაზში  წარმოდგენილია ექსპოზიცია ქვის ხანიდან მე-13 საუკუნის ჩათვლით. არქეოლოგიის განყოფილებაში  გამოფენილია „საწურბლიას ეხის“, „თეთრი მღვიმის“, „სათაფლიის“ ქვაბულების, მელოურისა, ოფშკვითის, პატრიკეთის, მუხიანის, მესხეთის, უკანეთის, ფარცხანაყანევის, დღნორისისა, და  სოფელ რიონის  ტერიტორიაზე აღმოჩენილი პალეოლითის, ენეოლითის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკური და ფეოდალური ხანის ექსპონატები.

ორი ვიტრინა უჭირავს ენეოლითური ხანის კაჟის ისრისპირებს, თიხის ჭურჭლებს, კვირისთავებს, ცხვრისა და ხარის გამოსახულებებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია  მეოთხე-მეხუთე ათსწლეულების სპილენძის ისრისპირი, რომლის შემადგენლობაში 0,7% დარიშხანია.

ცალკე სტენდზეა ძჳ.წ.აღ. აღრიცხვამდე მეორე და პირველი ათასწლეულების ბრინჯაოს პერიოდის სამეურნეო და სამხედრო დანიშნულების სეგმენტური იარაღები: კოლხური ცულები, თოხები,  ბრინჯაოს ზოდები, რკინის ისრისპირები დერჩიდან.  აქვეა სოფლების: მუხიანის, მესხეთის, უკანეთის, მაღლაკის, ფარცხანყანევის ქვევრსამარხის და პატრიკეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები: დოქები, ბრინჟაოს სამაჯურები, მინისა და პასტის მძივები, კოლხური სასმისები, უცხოური კერამიკის ფრაგმენტები, „კოლხური თეთრი. ამავე დარბაზში ფართოდაა წარმოდგენილი ფეოდალური ხანის კულტურა.

მეორე დარბაზში  წარმოდგენილია საქართველო და წყალტუბოს მე-14 საუკუნიდან 1917 წლამდე. ამავე დარბაზს ამშვენებს ბევრი ეთნოგრაფიული ნივთი. ხმლები, დამბაჩები, ვერცხლის ქამრები, ხალიჩები…

მესამე დარბაზში წარმოდგენილია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა,  ქვეყნის   უახლესი ისტორიის,  პოლიტიკური და სოციალური ფონის ამსახველი მასალა.

მუზეუმში სისტემატიურად  ეწყობა პერსონალური, ერთდროული და მოძრავი გამოფენები მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით. დიდი ადგილი ეთმობა სამეცნიერო- ტექნიკურ და სარესტარვაციო სამუშაოებს.  ფონდების ძირითად ნაწილს გაკეთებული აქვს პასპორტიზაცია.

მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია დიდი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების   ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები, ხელნაწერები და პირადი წერილები,  აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი სოფელ დერჩში. აქ დიდი მეცნიერის ხელშენავლები მრავალი ნივთი იწონებს თავს. მუზეუმი ეწევა ფართო საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობას, აწყობს სამეცნიერო ექსპედიციებს, სამეცნიერო კონფერენციებს, მოძრავ და ერთდროულ გამოფენებს, შეხვედრებს ღვაწლმოსილ ადამიანებთან, ატარებს საინტერესო ლექცია-დიალოგებს და სხვა.