- 2022-04-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
გეგუთის N1 საჯარო საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თანამედროვე სტანდარტების სკოლაში სწავლის გაგრძელება მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა კილაძემ და მერის წარმომადგენელმა ნიკა მჟავიამ მიულოცეს.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 3 534 000 ლარია.
240 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, კაბინეტები, ლაბორატორია, სკოლის ეზო, სპორტული მოედანი, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
,, სოფელ გეგუთში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის გახსნა არის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში შექმნილია ყველა პირობა სრულფასოვანი განათლების მისაღებად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვები იქნებიან წარმატებულები და მომავალში თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის მშენებლობასა და განვითარებაში”- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
სოფელ გეგუთის საჯარო სკოლა შენობის ავარიულობისა და დემონტაჟის გამო ალტერნატიულ ფართში იყო განთავსებული.