- 2026-02-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა წყალტუბოში დაგეგმილი სტადიონისა და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის ადგილები მოინახულეს და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო დეტალებს გაეცნენ.
დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებშიც, არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, აშენდება 6 000-მდე მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი. პროექტი მოიცავს გასახდელების, საშხაპეების, მედიაცენტრის, საკონფერენციო დარბაზის, უსაფრთხოების და აუდიო-ვიზუალური სისტემების მოწყობას, ასევე მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, ავტოსადგომსა და კომერციულ ზონებს. ახალი სტადიონი შესაძლებლობას მისცემს ქალაქს უმაღლესი დონის სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლოს.
ასევე, წყალტუბოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით აშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი. მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარითა და მოედნის მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და რეგიონში სპორტის განვითარებას.