ჯანდაცვა

ჯანდაცვა

წყალტუბოში მცხოვრებ მოსახლეობას ემსახურება    შ.პ.ს. წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო,  13 სოფლის ამბულატორია, დევნილთა და გეგუთის პოლიკლინიკა – ამბულატორია. ქალაქის ცენტრში ფუნქციონირებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.    წარმატებულად მუშაობს უფასო სასწრაფო დახმარების  სამი  მობილური  ბრიგადა.

 

წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო

 

შპს „წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო’’ერისთავის ქ. №16-ში მდებარეობს.    საავადმყოფოში  გაერთიანდა ოთხი სამედიცინო დაწესებულება: წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო, სამშობიარო სახლი, ამბულატორია და ტუბდისპანსერი, რაც განაპირობებს მის მულტიპროფილურ ხასიათს. კლინიკის აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

საავადმყოფო ლიცენზირებულია შემდეგ მიმართულებებში: საოჯახო მედიცინა, ენდოკრინოლოგია, პედიატრია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, კარდიოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ნეონატოლოგია და ფთიზიატრია.

კლინიკაში ხორციელდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ( რენდგენოლოგია, ეხოსკოპია).

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს აქ შეუძლია სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობა, რომელიც მოიცავს მომსახურების შემდეგ სფეროებს: ოჯახის ექიმი, ლაბორატორიული გამოკვლევები, პროფილაქტიკური აცრები, ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა, ფთიზიატრიული, ფსიქიატრიული, ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერარი სპეციალურ დაწესებულებებში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

კლინიკას დღეში საშუალოდ 130-მდე პაციენტი მიმართავს.

                       

 

 

 

                                                                                                                                              სასწრაფო დახმარება

 

ს.ს. „ჩემი ოჯახის კლინიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების წყალტუბოს ფილიალი“ ერისთავის ქ. №16-ში მდებარეობს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასოდ ემსახურება სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა.  ყოველდღიურად საშუალოდ 30-35 გამოძახება ფიქსირდება.

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი წყალტუბოში რუსთაველის ქ. №6-ში ფუნქციონირებს 2000 წლიდან.  ეს არის უნიკალური სამეცნიერო-პრაქტიკული, სასწავლო და სამკურნალო დაწესებულება, რომელიც აღჭურვილია 21-ე საუკუნის თანამრდროვე ტექნოლოგიებით. ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორია აკადემიკოსი რევაზ სეფიაშვილი.

ინსტიტუტს აქვს მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება.   ტარდება ფუნდამენტური და პრაქტიკული გამოკვლევები იმუნორეაბილიტოლოგიაში, ალერგოლოგიაში, მოლეკულურ და კლინიკურ იმუნოლოგიაში, იმუნური სისტემის ფიზიოლოგიაში, ნეიროიმუნოფიზიოლოგიაში, უჯრედულ ტექნოლოგიებში. აგრეთვე მუშავდება დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროგრამები სხვადასხვა ალერგოლოგიურ, აუტოიმუნურ, იმუნოდეფიციტურ და კანის დაავადებებზე.

ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში ფუნქციონირებს საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური, იმუნოპათოლოგიის,  ალერგიისა და ასთმის, ვაქცინოპროფილაქტიკის,  იმუნოდერმატოლოგიის,  უროლოგია-ანდროლოგიის განყოფილებები,  ლაბორატორიული კომპლექსი ევროლაბორატორია,  სადაც კეთდება 850-ზე მეტი სხვადასხვა გამოკვლევა.  აქვეა იმუნორეაბილიტაციის განყოფილება, სადაც რეაბილიტაციასა და მკურნალობაში ფართოდ გამოიყენება სპა ტექნოლოგიები.