- 2022-06-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ პრემიერა გაიმართა. წყალტუბოს სახალხო თეატრის დასმა გიორგი ნახუცრიშვილის პიესის მიხედვით ერთმოქმედებიანი სპექტკალი – „ნაცარქექია“ წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორია თორნიკე მარჯანიშვილი. ამ წარმოდგენით წყალტუბოს სახალხო თეატრი 2022 წლის „იმერეთის თეატრალური ფესტივალზე“ წარდგა.
პრემიერას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპექტაკლის დასაწყისში ფესტივალის ორგანიზატორმა ბატონმა ლევან როხვაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის პირველ პირებს მხარდაჭერისთვის და წყალტუბოს სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვაჟა გედენიძეს სპეციალური სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, სცენაზე იდგნენ სამი თაობის წარმომადგენლები, რეჟისორმა მთავარი როლი – „ნაცარქექია“ მსახიობ თეიმურაზ ისაკაძეს ანდო.
,,სასახიარულო და ყველაზე საპასუხისმგებლო იყო ეს როლი, მადლობა სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ვაჟა გედენიძეს, რომ ამიყვანა დასში, დიდი მადლობა რეჟისორს ჩემი არჩევისთვის, ყველას წარმატება მიხარია და ველოდები ჟიურის შედეგებს“ – აღნიშნა მთავარი როლის შემსრულებელმა.
სპექტაკლის მოქმედი პირები არიან: ნაცარქექია – თემურ ისაკაძე, თომა – შალვა ვაშაკიძე, მართა – ინგა ხვადაგიანი, შვილები – გიგი გიგიაძე, ნინო ბარათელი, ყაფლანი – მიხო ჭელიშვილი, იბრუხტი – ირმა კუბლაშვილი, ვახუშტი – თეა გეგჭკორი, მეფე დახტინგური – გოჩა ნიკოლაძე, ვეზირი – ზურაბ ყურაშვილი, მოსამართლე – ნინო ვეკუა, მოხუცი მრჩეველი – მზია ქაჯაია, მსტოვრები – ნიკუშა ვარდანიძე, გიგი გიგიაძე, ნინო ბარათელი. მუსიკალური გაფორმება – რამაზ კინწურაშვილი.
წყალტუბოს სახალხო თეატრის სპექტაკლს ესწრებოდა კომპეტენტური ჟიური პროფესორ მაკა ვასაძის თავმჯდომარეობით, ჟიურში იყო ასევე თეატრმცოდნე ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩხარტიშვილი, პროფესორი ბაია დვალიშვილი, თეატრმცოდნე მაია პაქსაშვილი და სხვები.
წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, ადგილობრივი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ სულ 17 სპექტაკლია წარმოდგენილი.
ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ფესტივალის დახურვის ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში პირველ ივლისს გაიმართება.