წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ პირველ მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან ერთად სოფელ ოფშკვითსა და საყულიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ პირველ მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან ერთად სოფელ ოფშკვითსა და საყულიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
თვითმმართველობის პირველი პირები ადგილზე გაეცნენ სკვერის მოწყობის, კლუბის რეაბილიტაციისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გრძელდება. პროექტების მონიტორინგის პარალელურად ვხვდებით ადგილობრივებს, ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული პროექტი შესრულდეს განსაზღვრულ ვადებში და მაღალი ხარისხით,“ – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
სოფელ ოფშკვითში სკვერის მოწყობის, ხოლო სოფელ საყულიაში კლუბის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სოფელ საყულიაში ასევე მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. ამავე სოფლის ახალ დასახლებაში საავტომობილო გზის მოწესრიგებასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა.