წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ქალაქ წყალტუბოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან და მერის პირველ მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან ერთად, ქალაქ წყალტუბოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
თამარ მეფის ქუჩაზე სპორტული მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 136 600 ლარია გამოყოფილი, ხოლო შანიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები 46 548 ლარით ფინანსდება. ასევე, ცენტრალურ პარკში ეწყობა გარე განათების ქსელი, ხოლო ტაბიძის, რუსთაველისა და დედაენის ქუჩებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
როგორც გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება კომპლექსურად როგორც სპორტული, ისე რეკრეაციული და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
2026 წლის განმავლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 12 ახალი სპორტული მოედნისა და 15 სკვერის მოწყობა. განხორციელებული და მიმდინარე პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ქალაქში დამატებითი სარეკრეაციო სივრცეების შექმნას.