წყალტუბოში, პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში, კლასიკური მუსიკის შთამბეჭდავი კონცერტი გაიმართა და იოჰან სებასტიან ბახის IX ეროვნული კონკურს-ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

წყალტუბოში, პროექტის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში, კლასიკური მუსიკის შთამბეჭდავი კონცერტი გაიმართა და იოჰან სებასტიან ბახის IX ეროვნული კონკურს-ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, შესრულდა ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები, სცენაზე წარდგნენ მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსები: ვალერიან შიუკაშვილი, დუდანა მაზმანიშვილი, ნოდარ მდივანი, ლიზა რამიშვილი, ნათია ქავთარაძე, ირაკლი ევსტაფიშვილი და თათა ლიჩელი. მათი შესრულება მსმენელმა განსაკუთრებული ემოციით, ხანგრძლივი ოვაციებით შეაფასა.
ღონისძიებას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონცერტზე აღინიშნა, რომ კონკურს-ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 95 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის მუსიკალურ განვითარებას, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მხარდაჭერას, ასევე რეგიონებს შორის კულტურული კავშირის გაძლიერებას.
ფესტივალი 21 მარტს გალა კონცერტითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება.
იოჰან სებასტიან ბახის IX ეროვნული კონკურს-ფესტივალი უკვე მესამე წლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.