- 2022-07-08
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით მორიგი საგანმანათლებლო პროგრამა დასრულდა, გადამზადების კურსები პიარის სპეციალისტებმა, ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების შესწავლის მსურველებმა გაიარეს.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ინოვაციების ცენტრში გაიმართა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის წყალტუბოში იმყოფებოდნენ ჟურნალისტიკის დოქტორი, პროფესორი, სერგეი მესხის პრემიის ლაურეატი, მარინე ლომიძე, სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრის „ედუმედიატორ პლუსის” დირექტორი, ნინო მემანიშვილი, რომლებმაც ისაუბრეს პიარის მნიშვნელობასა და როლზე, ახალ გამოწვევებზე, მერიისა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების წარმომადგენლების კომპეტენტურობაზე, ქალბატონმა მარინემ პიარის ჯგუფის წევრებს სერტიფიკატებთან ერთად საკუთარი წიგნი ,,ოთარ ჭილაძის ღრუბელი’’ უსახსოვრა, ასევე მადლობა გადაუხადა ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელს, ვერიკო ზურაბიანს ტრენინგების ორგანიზებისთვის. ” წყალტუბო მართლაც გამორჩეული ქალაქია. მას დაწყებული მასშტაბური განახლების პროექტი ახალ სიცოცხლეს შესძენს,” — აღნიშნა მარინე ლომიძემ. ,,ედუმედიატორ პლუსის” დირექტორმა ნინო მემანიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კვლავაც აქტიურად გაგრძელდება კადრების გადამზადება. ტრენინგების კურსის მიმდინარების შესახებ ისაუბრა საოფისე პროგრამების ტრენერმა ქრისტინა ქუთათელაძემ.
გადამზადებულ სპეციალისტებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა: სერგო კირკიტაძემ და კობა გურეშიძემ.
როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვერიკო ზურაბიანი აცხადებს, სექტემბრიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით განახლდება თანამშრომლობა.