წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტი “გმირის დღე” პრეზენტაცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა გახსნა და პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის მენტორ – მასწავლებელმა კახაბერ ჩაკვეტაძემ ქართველ მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ნიკო ლორთქიფანიძის სამშობლოს სიყვარულზე, რომელიც სამაგალითოა ახალგაზრდა თაობისათვის.

ღონისძიებას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის დელეგატი გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე სერგო კირკიტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლელა ბერძენიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

პროექტი „გმირის დღე“ მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას ბავშვებსა და მოზარდებში.