წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ 2025 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ 2025 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
2025 წლის საუკეთესო სპორტსმენებად საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული 30-მდე წყალტუბოელი სპორტსმენი დასახელდა, რომელთაც მადლობის სიგელები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალზე მერმა წყალტუბოში სპორტული ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მომავალ წელს დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციაზე, ახალი ფეხბურთისა და რაგბის მოედნების მოწყობაზე. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდა სპორტსმენებს.
ა(ა)იპ „წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების“ მმართველმა ირაკლი კუჭავამ წლის სპორტული შედეგების შეჯამებისას აღნიშნა, რომ 2025 წელს წყალტუბოელმა სპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით გამართულ ტურნირებში.
მიმდინარე წელს ძალოსანი ჯაბა ტყეშელაშვილი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა ქრისტინე ჟორჟოლიანმა, ხოლო სპორტის ამავე სახეობაში, არაერთ საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა გიგა ბერაძემ.
გამორჩეული შედეგები ჰქონდათ წყალტუბოელ ძალოსნებს: საბა კუჭავას, ზურა იოსელიანს, გიორგი ჯოხაძეს, საბა ლილუაშვილსა და მიხეილ ახალაძეს. სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა მოკრივე ფიქრია ბენდელიანმა. არაერთი ტურნირის გამარჯვებულია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დემური კირტავა, ხოლო ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა წყალტუბოს ვაჟთა ხელბურთის გუნდმა.
წყალტუბოელ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს მათი მხარდაჭერისა და მუდმივი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ. მან იმერეთის რეგიონის მასშტაბით 2025 წლის საუკეთესო სპორტულ ორგანიზაციად ა(ა)იპ „წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება“ დაასახელა და მმართველ ირაკლი კუჭავას შესაბამისი სიგელი გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, ასევე მწვრთნელები და გულშემატკივრები.