წყალტუბოში 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლისთავი აღნიშნეს

წყალტუბოში 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლისთავი აღნიშნეს.
9 აპრილის მემორიალი, წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, მოადგილემ გია კვასტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა თვითმმართველობის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ყვავილებით შეამკეს. მამა გიორგიმ გადაიხადა ეროვნული გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.
„34 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს დაღუპულმა გმირებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ ქართველ ერს შესწევს ძალა დაიცვას დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომ ეროვნული იდეალების ერთგულება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა მათ ამისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის“- განაცხადა წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
დღესვე წყალტუბოში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ამსახველი გამოფენაც გაიხსნა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.