- 2022-06-06
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის ფარგლებში – “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის” 2-3 ივნისს ჩატარდა იმერეთის შიდა აუდიტორთა რეგიონული შეხვედრა-ფორუმი ,,ძლიერი შიდა აუდიტი ეფექტიანი მმართველობისთვის“. სამუშაო შეხვედრები გაიმართა, მუნიციპალიტეტის მერთან, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და იმერეთის რეგიონის შიდა აუდიტორებთან.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, ხაზი გაუსვა წყალტუბოს მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული ეფექტიანობის აუდიტის საპილოტე პროექტის მნიშვნელობას პროგრამების შემდგომი გაუმჯობესების პროცესში, ასევე შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაღალ სტანდარტს.
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირმა გელანტია-ახვლედიანმა, გამოკვეთა ეფექტიანობის აუდიტის წილის გაზრდის აუცილებლობა პროგრამული ბიუჯეტირების ეფექტიანობის ამაღლებისათვის, ამასთან ისაუბრა როგორც შიდა აუდიტის ასევე, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და გაუმჯობესების შესაძლებლობებზე რეგიონის მასშტაბით. ყურადღება გაამახვილა, შიდა აუდიტის ანგარიშების განხილვის მნიშვნელობასა და ანგარიშვალდებულებას საკრებულოებთან.
რეგიონული ფორუმის მეორე დღეს, წყალტუბოს მერიის შიდა აუდიტორებმა (შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი – მაკა თედორაძე, აუდიტის ჯგუფის უფროსი – მარიამ ბალანჩივაძე) კოლეგებს გაუზიარეს ეფექტიანობის პილოტური აუდიტის შედეგად მიღებული პრაქტიკული გამოცდილება და შედეგები, რაც მნიშვნელოვანი აქტივობა იყო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება კვლავ რჩება გამოწვევად.
მნიშვნელოვანია, რომ შიდა აუდიტთა ფორუმი მიმდინარეობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი მამრიკიშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელმაც თავის მხრივ ხაზი გაუსვა სახელმწიფო აუდიტის მიდგომას, მუნიციპალურ დონეზე არსებულ გამოწვევებს და შიდა აუდიტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სისტემური ხარვეზების გაუმჯობესების პროცესში.
(GIZ)-ის საჯარო ფინანსების ექსპერტმა თამარ გურეშიძემ წარადგინა კვლევის შედეგები ,,სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებში გამოკვეთილი მუნიციპალიტეტებში განმეორებადი პრობლემების და გადაცდომების ძირეული ანალიზი“.
შიდა აუდიტორებმა იმსჯელეს, როგორც მენეჯმენტის მხარდაჭერის, ისე მათი საქმიანობის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მნიშვნელობაზე. რეგიონში მსგავსი პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უკვე დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკებისა და მაგალითების უშუალოდ გაზიარების კარგ შესაძლებლობას, მოტივაციას უკეთესი საჯარო მმართველობისათვის.