სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო -2026“

წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო – 2026“-ის დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა.
ქალაქის მთავარი დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა.
მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობდა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები: მოეწყო საგამოფენო სივრცეები, სამეწარმეო მარკეტი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ჰაბის საინფორმაციო სტენდი, გაიმართა პერფორმანსები და თეატრალიზებული წარმოდგენები, ჩატარდა საბავშვო კონცერტი.
დღესასწაულზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მადლობის სიგელები გადასცეს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, დაჯილდოვდნენ თვითმმართველობის დამსახურებული წარმომადგენლები.
„შემოდგომის წყალტუბოს“ დღესასწაულზე ტრადიციულად, დასახელდნენ წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები: საპატიო წყალტუბოელის წოდება მიენიჭა სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ზვიადაძეს, დამსახურებულ ექიმს, სიმონ კუჭავას და თვითმმართველობის ღვაწლმოსილ წარმომადგენელს, მურად ზაქარიაძეს.
„შემოდგომის წყალტუბოს“ დღესასწაულს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის დელეგატი გივი ჭიჭინაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანი, მოადგილე ბესიკ გოფოძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სახალხო ზეიმი დასრულდა საზეიმო კონცერტით, მაყურებლის წინაშე წარსდგა ფოლკლორული ანსამბლი ნადური, მომღერალი ნატო გელაშვილი და ჯგუფი „ჭოხოები“.
კონცერტის დასრულების შემდეგ, საღამო დიჯეი გიგა პაპასკირმა გააგრძელა, დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა.