- 2022-09-15
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 41 სკოლაში სწავლა დაიწყო. 475 პირველკასელმა დღეს პირველად შეაღო სკოლის კარი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქალაქის N1, N2 და სასულიერო გიმნაზიის, ასევე სოფელ ბანოჯისა და ოფშკვითის საჯარო სკოლები დაათვალიერეს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა საკრებულოს თავჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
,,ჩვენს ქვეყანას განათლებული ახალგაზრდები სჭირდება, ამ საქმეში კი განუზომელია პროფესიონალი პედაგოგების როლი, მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო საქართველოს მომავალზე, ჩვენს შვილებზე მუდმივი ზრუნვისა და ხარისხიანი საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, როგორც მთელს საქართველოში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. გასულ წელს აშენდა ორი ახალი სკოლა: სოფელ გეგუთსა და წყალტუბოში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წელს კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას გეგმავს სოფელ ოფშკვითში, მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაციის სამუშაოები სოფელ ვარციხეჰესების და ბროწეულას საჯარო სკოლებში, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები ყველა სკოლაში ჩატარდა, პირველკლასელებს გადაცათ კომპიუტერები, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს დარიგდათ უფასო სახელმძღვანელოები.
მინდა ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებთან ერთად მივულოცო იმ წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას. მახარებს ის ფაქტი, რომ წელს 50-ამდე წყალტუბოელი მოსწავლე გახდა გრანტის მფლობელი. ყველას ვუსურვებ პროფესიულ წინსვლას და ახალ გამარჯვებებს. ჩვენს მოსწავლეებს კი შრომისმოყვარეობასა და სიბეჯითეს, კარგ პიროვნებებად და ღირსეულ მამულიშვილებად ჩამოყალიბებას’’- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან 5000 მოსწავლემ დაიწყო სწავლა, 22 საჯარო სკოლას ემსახურება უფასო ტრანსპორტი.
სწავლის დაწყების ღონისძიებას მერთან ერთად ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ნინოწმიდის და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან მყოფი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები.