- 2022-09-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
დღეს წყალტუბოში საერთაშორისო – საგანმანათლებლო პროექტის „პატრიოტი დიასპორელის’’ ფარგლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ოტია იოსელიანის სახელობის პირველმა საჯარო სკოლამ, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაერთო აღნიშნულ პროექტში საბერძნეთიდან ორი ემიგრანტი მოსწავლე: ლილე და თევდორე მასურაძეები მიიღო.
პირველი საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით, პატრიოტი დიასპორელის სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება ,,მშობელ მიწაში მიდგას ფესვები’’, დიასპორელ ბავშვებს გადაეცათ პატრიოტი დიასპორელის სერთიფიკატები, ხოლო ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლას – პატრიოტი სკოლის ტიტული.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – დავით გორდელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე, საკრებულოს წევრი ხათუნა მაღლაკელიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა ჩხეტიანი. კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მმართველი, ვაჟა ჯუღელი, ააიპ ფონდის „საქართველოს ემიგრანტების„ ხელმძღვანელი, ქეთევან კინწურაშვილი, ამავე ორიგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი.
მოწვეულ სტუმრებსა და პატრიოტ დიასპორელებს ონლაინ ჩართვით გერმანიიდან მიესალმა „ პატრიოტი დიასპორელის“ დამფუძნებელი ნინო ციბაძე.
პროექტის პრეზენტაცია წარადგინა საგანმანათლებლო ფონდის – „საქართველო ემიგრანტების“ წარმომადგენელმა საქართველოში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე გამოვიდა ინიციატივით, მომავალში დააფინანსოს 4 პატრიოტი დიასპორელის მგზავრობა საქართველოში.
პროექტის „პატრიოტი დიასპორელის’’ მიზანია: დიასპორელმა მოზარდებმა შეიქმნან საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე უკეთ შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის ისტორია, მენტალურად უფრო დაუახლოვდნენ სამშობლოს, შეინარჩუნონ კავშირი საქართველოსთან .