- 2022-10-10
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ „ივერიასთან“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და „პროკრედიტ ბანკის“ პროექტის ფარგლებში წიგნის ბუდე გაიხსნა.
ეს არის ადგილი პარკში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება წიგნი აიღოს, ადგილზე წაიკითხოს, სახლშიც წაიღოს და სანაცვლოდაც მოიტანოს.
ეს პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დიდ ქალაქებში უკვე განახორციელა.
„წიგნის ბუდეს“ გახსნაზე წყალტუბოში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, მსახიობი მაკა შალიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის მთავარი სპეციალისტი ლოლა სანაია და „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენლები.
პროექტი „წიგნის ბუდე“ წყალტუბოში მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. გახსნაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, ისტორიკოსი დაჩი იოსელიანი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს წევრი – ლევან ჩანქსელიანი, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ თანამშრომლები, ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი სულიკო სვანიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები.
„მიხარია, რომ წყალტუბოში ვარ. ამ პროექტის განხორციელებისთვის დიდ მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის მერს ბატონ გენადი ბალანჩივაძეს, ჩვენი მიზანია ერთის მხრივ ადამიანებს წიგნიერებაში შევუწყოთ ხელი, მეორეს მხრივ საზოგადოებრივი ცხოვრება გავააქტიუროთ. როცა მკითხველი ამ სკვერის ბიბლიოთეკიდან წაიღებს წიგნს, მეორე უნდა მოიტანოს, ან ეს დააბრუნოს ან წარწერით გაუზიაროს სხვა ადამიანს“-განაცხადა ეროვნული ბიბილიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.
საზოგადოებრივი პროექტის გახსნაზე ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მე – 19 საუკუნის საქართველოში მყოფი გერმანელი შვაბების ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენაც წარმოადგინა. წიგნის სკვერი გახსნა საინტერესოდ წარიმართა, ახალგაზრდებმა მოისმინეს მსახიობ მაკა შალიკაშვილის წაკითხული ლექსები.
მწვანე ქალაქის ცენტრში, წიგნის ბუდე ამიერიდან ყველა წიგნის მოყვარულს ელოდება.