- 2023-05-18
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მუზეუმების საერთაშორისო დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებით შეუერთდა.
მუზეუმელებს პროფესიული დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.
,,ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის საზომი მისი წარსულია. მუზეუმი ის სივრცეა, სადაც ერის იდენტობის ნაწილია თავმოყრილი. თანამედროვე ეპოქაში მუზეუმების საგანმანათლებლო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა და საზოგადოების მოთხოვნებზე ორიენტირებული გახდა, თითოეული ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული, საკუთარი ერის ისტორიის მცველია, ამიტომ განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ’’- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ღია კარის დღე საინტერესო-შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.
გაიმართა თეორიული კონფერენცია: “მუზეუმების როლი და ამოცანები გაეროს მდგრადი განვითარების კონცეფციაში 2030 წლამდე პერიოდში” , მოეწყო ხელოვან მერაბ ლომინაძის ნამუშევრების გამოფენა, წყალტუბოსადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
მუზეუმის სტუმრებს მუზეუმების შრომათა ახალი, XI კრებულისა და ახალი ფოტოალბომის “წყალტუბო: წარსული, აწმყო და მომავალი” პრეზენტაცია საზოგადოებას წყალტუბოს სამუზეუმო გაერთიანების მენეჯერმა ია კუხალაშვილმა წარუდგინა.
მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს.