„ცოცხალი წიგნები“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტს „ცოცხალი წიგნები“ წყალტუბოს ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
ლიტერატურის მოყვარულებს თავიანთი ნაწარმოებები გააცნეს პოეტებმა და პროზაიკოსებმა: მარიამ ხუცურაულმა, ნინო გუგეშაშვილმა, მიხო მოსულიშვილმა და გიო ზედვაკელმა (აბესაძე).
მწერლების შეხვედრა ლიტერატურით დაინტერესებულ წყალტუბოელებთან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით შედგა.
მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს“ დაიწყო. იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოებისა და დისკუსიების გამართვას გულისხმობს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.