- 2023-07-19
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების დაცვის, სოციალური პროგრამების, გენდერული ბიუჯეტირებისა და ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენის საკითხები განიხილეს.
საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა მერის თანაშემწემ ირმა ხელაძემ.
საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალური, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსებმა: ფატი გაგოშიძემ, ნათია ჩაკვეტაძემ, მარეხ კანკაძემ, საუკუნის წინ მცხოვრები პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ქალების შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილების უფროსმა ნათია გახოკიძემ ისაუბრა, ხოლო კულტურული ღონისძიებების შესახებ სამომავლო გეგმები საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა გააცნო.
,,ადგილობრივი თვითმმართველობა ატარებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა შექმნას ხელსაყრელი პირობები ქალთა ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისთვის, სწორედ ამიტომ, მთავარ აქცენტს ვაკეთებთ სოციალურ პროგრამებზე.
უშუალოდ ჩემი ინიციატივით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დავამატეთ ორი ახალი სოციალური პროგრამა, დავიწყეთ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ასევე ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვეხმარებით შეჭირვებულ ოჯახებს, გარდა ამისა, წელს პირველად მერის სტიპენდია დაენიშნებათ უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ სტუდენტებს და სასკოლო ნივთები გადაეცემათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირველკლასელებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ყოველთვის ვიქნები თქვენი ყველა სასიკეთო, მიზანმიმართული და ინოვაციური ღონისძიების თუ პროექტის მხარდამჭერი ‘’- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
შეხვედრის მონაწილე ქალბატონებმა გენდერულ საკითხებზე გამართული დისკუსიის დასრულების შემდეგ ,,თეთრა მღვიმე’’ დაათვალიერეს.