სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით წყალტუბოში, დიდების მემორიალთან პატივი მიაგეს აფხაზეთის ომის გმირებს, ისაუბრეს საქართველოს ერთიანობისა და აფხაზეთის დაბრუნების მნიშვნელობაზე, წყალტუბოში ათასობით დევნილის ცხოვრების ფაქტებზე, აფხაზეთის გმირების ისტორიებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხებზე.
,, შეუძლებელია დავივიწყოთ იმ ქართველი გმირების სახელები, რომლებმაც უყოყმანოდ გასწირეს სიცოცხლე, ქედს ვიხრი თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე, მადლობა ჩვენს ვეტერან ჯარისკაცებს სამშობლოს ერთგულებისა და სიყვარულისთვის, წყალტუბო აფხაზეთიდან დევნილების თავშესაფრად იქცა 1993 წელიდან, ამ ქალაქმა ყველაფერი გააკეთა ჩვენი თანამოძმეების დასახმარებლად, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში.
მე მჯერა, რომ გონივრული მიზანდასახული ქმედებებით ჩვენ შევძლებთ აფხაზეთის დაბრუნებას და ვიპოვით ერთმანეთთან მისასვლელ გზებს, დღეს ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს დროშები დაშვებულია, მაგრამ მოვა ის დროც, როცა ეს დროშები ენგურს გაღმა საქართველოშიც ამაყად იფრიალებენ’’- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ციალა კოპალიანმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ამ ომში დაღუპული გმირის ლერი ასლანიკაშვილის მამამ ვახტანგ ასლანიკაშვილმა, აფხაზეთიდან დევნილმა ნანი ბოკუჩავამ.
აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ ისაუბრა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ.
აფხაზეთის ომის გმირებს პატივი მიაგეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ, მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, წყალტუბოში მცხოვრებმა აფხაზეთის ომის ვეტერანებმა.
დღესვე, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა აფხაზეთის ომის თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება .