სტუმრები იტალიის დამეგობრებული ქალაქიდან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი დამეგობრებული ქალაქის სალსომაჯორე-ტერმეს (იტალია) წარმომადგენლებს ქრისტინა სერვინსა და იგამ მასარს შეხვდნენ.
იტალიელი სტუმრები კულტურული ჯგუფის “SYNESTHESIA FRA LE ARTI” ავტორები და დამფუძნებლები არიან და უკვე 6 წელია აქტიურად მუშაობენ ურბანული, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. წყალტუბოში მათი ვიზიტის მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელებაა.
მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ისინი მიაწოდებენ სალსომაჯორე-ტერმეს ახალ მერს ამომწურავ ინფორმაციას წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
სტუმრებმა დაათვალიერეს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი “№6 წყარო” , ბალნეოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი “BE HEALTHY”, ,,თეთრა მღვიმე” და ,,პრომეთეს მღვიმე”. იმყოფებოდნენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც გაეცნენ საქართველოსა და წყალტუბოს ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას.
წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქის სალსომაჯორეს კულტურის სფეროს წარმომადგენლების ქრისტინა სერვინის და იგამ მასარის ვიზიტის მეორე დღე ქუთაისის დათვალიერებით დაიწყო.
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის Dmo Imereti-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს საინტერესო ინფორმაციები და გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.
იტალიელმა სტუმრებმა საქართველოს სამეფოს ისტორიულ დედაქალაქში ნახეს ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო- ბაგრატის ტაძარი, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, კოლხური შადრევანი, ქუთაისის ისტორიული თეთრი ხიდი, საიდანაც ქუთაისის ცენტრალური ნაწილის მთავარი ხედი იშლება.
წყალტუბოსა და სალსომაჯორე-ტერმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მიმდინარე წელს მოეწერა.
მემორანდუმი ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, სფეროებში გამოცდილებათა გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.