წყალტუბოში თვითნასწავლი ხელოვანის გელა ხუნწარიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

წყალტუბოში თვითნასწავლი ხელოვანის გელა ხუნწარიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
თვითმმართველობის პირველმა პირებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და ხელოვნების მოყვარულმა წყალტუბოელებმა გელა ხუნწარიძის მიერ წლების განმავლობაში ხის ფესვებისგან შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერეს და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ თანაქალაქელს წარმატებები უსურვეს.
გელა ხუნწარიძის ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ საინტერესო ფაქტები საზოგადოებას კულტურის ცენტრის მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ გააცნო.
გელა ხუნწარიძეს წყალტუბოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ხელოვნების სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ გადასცა.
გამორჩეული წყალტუბოელის პიროვნულ თვისებებსა და წარმოდგენილი ნამუშევრების შექმნის ისტორიებზე ისაუბრეს მწერალმა ავთანდილ ყურაშვილმა, საბიბლიოთეკო ქსელის მენეჯერმა სულიკო სვანიძემ, სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა ია კუხალაშვილმა, ხელოვნებათმცოდნე ნინო ლექვთაძემ, თენგიზ ნიჟარაძემ, მხატვარმა ავთანდილ ჯიბუტმა და სხვებმა.
შემოქმედებით საღამოზე მუსიკალური ნომრები სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს, ხოლო ლექსები საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს.
გელა ხუნწარიძე ამჟამად საზოგადოება ,,ძველი წყალტუბოელების“ თავმჯდომარეა, წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, არის პოეზიის დიდი მოყვარული, მისი გატაცებაა ბუნების წიაღში დაინახოს უნიკალური ხის ჯიშების ფესვები, ტექნოლოგიურად დაამუშაოს და აქციოს ხელოვნების ნიმუშებად.
გელა ხუნწარიძის ნამუშევრების გამოფენამ წყალტუბელები ხელოვნების სიყვარულით გააერთიანა. გამოფენა სასტუმრო ,,პრომეთეს’’ ფოიეში კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება