- 2024-09-16
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
საზეიმო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მამუკა ჩხეტიანთან ერთად სოფელ ბანოჯისა და გუმბრის საჯარო სკოლებში დაესწრო.
,,სწავლის დაწყება ყოველთვის უკავშირდება დღესასწაულს, იწყება შემეცნების, თვითგანვითარებისა და აღმოჩენების ახალი ეტაპი. დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეები დაუღალავი შრომითა და მონდომებით მოახდენენ თავიანთი ნიჭისა და უნარების რეალიზებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი ინიციატივით, უკვე ორი წელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება გრანტის მქონე სტუდენტებისთვის სტიპენდიების მიღების პროგრამა, ასევე, დახმარებას იღებენ სოციალურად დაუცველი პირველკლასელთა ოჯახები, ერთობლივად გრძელდება ზრუნვა კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურისა და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნისთვის.
განათლებული თაობა აძლიერებს ქვეყანას და ქმნის მის საიმედო მომავალს. არ არსებობს მიზანი, რომელსაც დაისახავთ და ვერ მიაღწევთ, ამ რთულ გზაზე განათლება ყოველთვის იქნება თქვენი წარმატებისა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების პირობა,’’ – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებში 450-მა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა, რომელთაც უფასო წიგნები და სასწავლო ნოუთბუქები გადაეცათ.