- 2024-09-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
,,შემოდგომის წყალტუბოს“ დღესასწაულმა სხვადასხვა თაობის წყალტუბოელები, ამ ქალაქის სტუმრები, წყალტუბოს განვითარებისთვის წლების განმავლობაში მზრუნველი ადამიანები გააერთიანა.
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვა.
წყალტუბოს საპატიო მოქალაქის ტიტული გადაეცათ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, დავით ფაცაციას, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძეს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კობა ნარჩემაშვილს, მშენებელ-ინჟინერს, ენერგეტიკოსს, მკვლევარს, თენგიზ ჯიმშელეიშვილს, საზოგადოება ,,ძველი წყალტუბოელების’’ თავმჯდომარეს, თვითნასწავლ ხელოვანს გელა ხუნწარიძეს, წყალტუბოს თერმული წყლების სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორს, ნანა გვიშიანს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ქვიტირის სკოლის პედაგოგსა და არაერთი საერთაშორისო პროექტის ავტორსა და მონაწილეს, კახაბერ ჩაკვეტაძეს, რაიონული საავადმყოფოს პედიატრს ნუნუ ლექვთაძეს, კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლის ლოტბარს, ირაკლი შენგელიას, არაერთი თაობის აღმზრდელს, პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს, იზო ჯანგავაძეს, დასავლეთ საქართველოს ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტს, ღირსების ორდენის მფლობელს, ზურაბ სალუქვაძეს.
საზეიმო ვითარებაში, ახალსახლობა მიულოცეს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს, რომლებსაც წელს 8 ახალი სახლი აუშენეს.
გალა კონცერტზე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარადგინეს წყალტუბოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა “ნადურმა” და “ივერიამ”, სალდუსის ქალთა გუნდმა “ლაიქსნემ”, საზეიმო კონცერტს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ლეგენდარული ანსამბლის “ქართული ხმების” მიერ გაჟღერებულმა ქართულმა მელოდიებმა.
მუსიკალური ნომრები შეასრულეს ბენდმა “ჩვენი”, სოლისტი ანამარია იაკობაშვილი, ღამის შოუს ბენდმა, კონცერტი დიჯეის პროგრამით და ფოიერვერკით დასრულდა.