სოფელ მაღლაკში პირველი საჯარო სკოლის ეზოში მასწავლებლის ძეგლი დაიდგა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილე გია კვასტიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მაღლაკში პირველი საჯარო სკოლის ეზოში მასწავლებლის ძეგლის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძეგლის იდეის ავტორს, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ამავე სკოლის კურსდამთავრებულს თეიმურაზ ჩეჩელაშვილსა და ძეგლის ავტორს, მოქანდაკე გიორგი კიკვაძეს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ძეგლის დადგმა მასწავლებლის ღვაწლისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
პედაგოგიურ საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებს და მოსწავლეებს ასევე სიტყვით მიმართეს წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა სვანაძემ და სკოლის პედაგოგებმა.
ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი წარმოადგინეს.