- 2025-12-31
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით წყალტუბოსა და წყალტუბოელებს, გულითადად გილოცავთ შობა-ახალ წელს!
2026 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის!
ახალი წლის დადგომამდე, ტრადიციულად, ვაფასებთ წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას. 2025 წელს ჩვენ ერთად შევძელით მაღალი პასუხისმგებლობით გვეზრუნა წყალტუბოს განვითარებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად, მაღალი პროფესიონალიზმითა და გულწრფელი სიყვარულით ემსახურა ჩვენს მწვანე ქალაქს.
გასულ წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდა ათეულობით პროექტი როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური მიმართულებით: აშენდა 3 ახალი საბავშვო ბაღი, განხორციელდა გზების რეაბილიტაციის 39 პროექტი, მოეწყო 9 სკვერი, 12 სპორტული მოედანი, რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა10 საჯარო სკოლაში, აშენდა 7 ახალი საცხოვრებელი სახლი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გადაეცა 30-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს.
მომავალი წლიდან ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ზრუნვას მწვანე ქალაქისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. მთავარი აქცენტები გაკეთდება წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე, კურორტის სტატუსის აღდგენაზე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ქალაქის ურბანულ მოწყობაზე. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და კონკრეტული პროგრამა, რომელიც ეფუძნება წყალტუბოს მრავალმხრივი ტურისტული შესაძლებლობების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გამოყენებას, არსებული ინფრასტრუქტურის ავთენტურობის შენარჩუნებასა და მოწესრიგებას, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვის გაძლიერებას.
დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერითა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალისა და შესაძლებლობების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, არამარტო ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.
მინდა, ახალი წელი განსაკუთრებულად მივულოცო ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან საქართველოსა და ქართველ ხალხს. ვულოცავ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ექიმებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მასწავლებლებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს. მინდა, მივულოცო საჯარო მოხელეებს, უფროს თაობას, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ წყალტუბოს, ასევე, მომავალ თაობას, რომლებმაც უნდა ააშენოს ძლიერი და ერთიანი საქართველო.
2026 წელი ყოველი თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს მშვიდობის, ერთიანობის, ურთიერთპატივისცემის, იმედების გამართლების, სიყვარულისა და წარმატების წელი.