ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტები დაათვალიერა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გენადი ბალანჩივაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტები დაათვალიერა.
მინისტრმა სოფელ გეგუთში მდებარე 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი მოინახულა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად რეაბილიტირდა. განახლებულ შენობაში მოწყობილია სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, კეთილმოწყობილია ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 2.4 მილიონი ლარი გამოყო.
ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს ქალაქ წყალტუბოში ახლად რეაბილიტირებული №1 საბავშვო ბაღიც, რომელიც 200 ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სკოლამდელი აღსაზრდელების განათლებისა და სოციალიზაციისთვის საჭირო ყველა სივრცე, მათ შორის ადაპტირებული შიდა და გარე ზონები, სათამაშო და სპორტული მოედნები. პროექტი საქართველოს მთავრობამ 3.2 მილიონი ლარით დააფინანსა.
განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და ქმნის უსაფრთხო, თანამედროვე გარემოს ბავშვების განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.