წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე კობა გურეშიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს სოფელ გუმბრაში იმყოფებოდა. ადგილობრივთა გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სოფელში გზის რეაბილიტაცია გადაწყდა.
პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 30-ზე მეტ სოფელში უკვე გაიმართა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, უპირატესობა ენიჭება გზების რეაბილიტაციას, სკვერების, მოსაცდელებისა და გარე განათების ქსელის მოწყობას, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებასა და სპორტული მოედნების განახლებას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 704000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 335000 ლარი დაემატება.