წყალტუბოში გიდების საერთაშორისო დღე და ,,სათაფლიის” მღვიმის აღმოჩენიდან 100 წლის იუბილე აღინიშნა

წყალტუბოში გიდების საერთაშორისო დღე და ,,სათაფლიის” მღვიმის აღმოჩენიდან 100 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნესტორ აფხაძე და სერგო კირკიტაძე, ასევე იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ჯუმბერ ლელაძე.
მერმა გენადი ბალანჩივაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა წყალტუბოს, როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტის, წარმოჩენასა და საერთაშორისო ცნობადობის ზრდაზე. მან ისაუბრა ტურისტული ნაკადების მატებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და გიდების პროფესიულ როლზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს აცნობენ ვიზიტორებს.
ჯუმბერ ლელაძის განცხადებით, გასულ წელს ,,პრომეთეს მღვიმემ”, ,,სათაფლიის ნაკრძალმა” და ,,თეთრა მღვიმემ” 300 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლეს, რაც ვიზიტორების მზარდ ინტერესსა და ტურიზმის მდგრად განვითარებაზე მიუთითებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გიდებს პროფესიული დღე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სერგო კირკიტაძემ, საკრებულოს წევრმა ხათუნა მაღლაკელიძემ, ასევე მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ დუნდუამ.
წლის გიდებად დასახელდნენ: ქრისტინე მაისურაძე ( პრომეთეს მღვიმე), ოთარ გაბუნია (სათაფლიის ნაკრძალი), ანანო ჩოგოვაძე ( თეთრა მღვიმე).
ღონისძიება ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.